ბოლო 60 წლის განმავლობაში ბევრ ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად - 30-40 წლის დიაპაზონიდან 70+ ასაკამდე გაიზარდა. ამის ძირითადი მიზეზი სამედიცინო სფეროში მიღწეული წარმატებებია, რომელთა შორისაც მთავარი მიღწევა ვაქცინები და სხვადასხვა დაავადების პრევენციისთვის საჭირო ინოვაციური შესაძლებლობების აღმოჩენაა. თუმცა იმის მიუხედავად, რომ ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გლობალური მასშტაბით მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ მხრივ ჯერ კიდევ შესამჩნევია სხვაობა სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის ხარჯებს შორის.
გასაკვირი არაა, რომ ქვეყნებს, რომლებიც ჯანდაცვაზე მეტს ხარჯავენ, უფრო მაღალი საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვთ და ეს ნიშნული 80 წელს აღწევს. თუმცა ამ მხრივ, გამონაკლისებიც გვხვდება.
მსოფლიო ბანკის ანგარიშში საქართველოც მოხვდა. 2019 წლის მონაცემებით, აღმოჩნდა, რომ ქვეყანა ერთი მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვაზე წლიურად 291 აშშ დოლარს ხარჯავდა. ამავე მონაცემებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში 74 წელია. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, ირკვევა, რომ მოქალაქეთა საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, საქართველო აზერბაიჯანს და რუსეთს უსწრებს, მეზობელ ქვეყნებში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 73 და 71 წელია. ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯების მიხედვით, ჩვენთან აზერბაიჯანზე მეტი იხარჯება - ქვეყანაში წლიურად ერთ მოქალაქეზე ხარჯი 193 დოლარს შეადგენს. ხოლო რუსეთში - $653-ს. თურქეთში ერთი მოქალაქის ჯანდაცვაზე წლიურად 396 დოლარი იხარჯება და ხალხი საშუალოდ 78 წლის ასაკამდე ცოცხლობს. ხოლო სომხეთში ეს მაჩვენებლები შესაბამისად 524 დოლარი და 75 წელია.
თურქეთი $396 78 წ
სომხეთი $524 75 წ
საქართველო $291 74 წ
აზერბაიჯანი $193 73 წ
რუსეთი $653 71 წ
უკრაინა $248 71 წ
მსოფლიო ბანკის ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ ყველაზე მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობა იაპონიაშია, სადაც მოქალაქეები საშუალოდ 85 წლამდე ცხოვრობენ. ათეულში ყველაზე მაღალი დანახარჯი შვეიცარიას აქვს და ის 9,666 დოლარს შეადგენს, ყველაზე ცოტა კი მალტას - 2,532 დოლარი.
1. იაპონია $4,360 85 წ
2. სინგაპური $2,633 84 წ
3. კორეის რესპუბლიკა $2,625 83 წ
4. ნორვეგია $8,007 83 წ
5. ავსტრალია $5,427 83 წ
6. შვეიცარია $9,666 83 წ
7. ისლანდია $6,275 83 წ
8. ისრაელი $3,456 83 წ
9. მალტა $2,532 83 წ
10. შვედეთი $5,671 82 წ
იმის მიუხედავად, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ყველაზე მაღალი ხარჯი აქვს - წლიურად 10,921 დოლარი, ამერიკელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 77 წელია, რაც უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, რომლებიც ბევრად ნაკლებს ხარჯავენ. როგორც ჩანს, ამას რამდენიმე განმსაზღვრელი ფაქტორი აქვს - მკვლევართა აზრით, მთავარი მიზეზი შტატებში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელთან ერთად, ახალგაზრდებში ძალადობის შედარებით მაღალი მაჩვენებელიცაა.
იაპონიას, სინგაპურსა და სამხრეთ კორეას სიცოცხლის ყველაზე მაღალი ხანგრძლივობა აქვს, მიუხედავად მათი შედარებით დაბალი ხარჯებისა ერთ სულ მოსახლეზე. თუმცა, ეს ასე ყოველთვის არ ყოფილა - დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის, 1960-იან წლებში იაპონიაში სიცოცხლის ხანგრძლივობა რეალურად ყველაზე დაბალი იყო, ხოლო სამხრეთ კორეაში ეს მაჩვენებელი 60 წელზე ნაკლებს შეადგენდა.
რაც შეეხება ყველაზე დაბალი სიცოცხლის ხანგრძლივობის მქონე ქვეყნებს, ასეთები თავს, ძირითადად, აფრიკაში, აზიასა და ოკეანეთში იყრის. ყოველწლიურად სამხრეთ სუდანში ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯი 23 დოლარს შეადგენს და ხალხი 58 წლამდე ცოცხლობს. მას სიერა ლეონე მოჰყვება 46-დოლარიანი დანახარჯით და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის 55-წლიანი მაჩვენებლით. ყველაზე ცუდი შედეგები კი აქვს ნიგერიას, ლესოტოს და ჩადის.
სამხრეთ სუდანი $23 58 წ
სიერა ლეონე $46 55 წ
ნიგერია $71 55 წ
ლესოტო $124 55 წ
ჩადი $30 55 წ
მსოფლიო ბანკის მონაცემებს იმის შესახებ, თუ როგორ ნაწილდება ჯანდაცვის ხარჯები ქვეყნების მიხედვით, ვიზუალ კაპიტალისტი გვთავაზობს. ანგარიში მოიცავს 178 ქვეყნის მონაცემებს, კერძოდ, ჯანდაცვის ხარჯებს ერთ სულ მოსახლეზე და, ასევე მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას.