მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეგიძლიათ 112-ის საფასური დაიბრუნოთ? - იურისტმა მთავრობას დავა სააპელაციოშიც მოუგო

62e0f8ac027c1
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.22 12:33
29336
იურისტმა ლევან ალაფიშვილმა 112-ის საფასურის დაბრუნების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოგებული საქმე, საქართველოს მთავრობას სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად იურისტი ავრცელებს.

„კიდევ მოვიგე! სააპელაციო სასამართლოშიც. #112-ის საფასური, რომელიც 8 წლის განმავლობაში 2020 წლამდე მეჭრებოდა, უნდა დააბრუნოს მთავრობამ.

თბილისის საქალაქო სასამართლო (მოსამართლე: ეკატერინე ჯინჭველაშვილი) - 9.03.2022, თბილისის სააპელაციო სასამართლო (მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი) - 15.07.2022.

თანხა ბევრი არ არის მაგრამ #პრინციპი და #კანონი არ იზომება. შეგახსენებთ, 2019 წელს საკონსტიტუციოც მოვუგე მთავრობას“, - წერს ალაფიშვილი.

BM.GE-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ საქმის საქალაქო სასამართლოში მოგების შემდეგ მთავრობამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ეს დავაც წააგო.

იურისტი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები სახელმწიფოს მიერ დაკისრებული 112-ის ყოველთვიური გადასახადის დაბრუნებას მოინდომებენ, მათ ეს სასამართლოს გზით უნდა შეძლონ, რამეთუ საკითხთან დაკავშირებით პრეცედენტი უკვე შექმნილია და სასამართლო თითოეული საქმის მიმართ დამოუკიდებლად იმსჯელებს და გადაწყვეტილებასაც გამოიტანს.

შეგახსენებთ, რომ ლევან ალაფიშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოგებულ დავაზე BM.GE მარტში წერდა. მაშინ იურისტმა გადაცემა „ანალიტიკაში“ დეტალურად განმარტა, როგორ შეიძლება მოქალაქეებმა 112-ის საფასური დაიბრუნონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები