„განვითარებად ქვეყნებში სახელმწიფო საწარმოები არაეფექტიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და ამასთან, აქ არის ყველაზე მეტი აუთვისებელი პოტენციალი, რომელიც ამ ქვეყნებმა შეიძლება ეფექტიანად გამოიყენონ ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის პოსტ-COVID პერიოდში“, - წერს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ჟურნალ „Forbes Georgia”-სთვის მომზადებულ ანალიტიკურ სტატიაში, სადაც ის საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც პოსტ-covid პერიოდში მსოფლიოს ქვეყნები, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნები აღმოჩნდებიან.
ნიკა გიალური პოსტპანდემიური ეკონომიკური კრიზისების დაძლევის 4 ახალ იდეას მიმოიხილავს და მათ შორის არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების კორპორატიზაციის მნიშვნელობა.
სტატიიდან აღნიშნულ მონაკვეთს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
„განვითარებად ქვეყნებში სახელმწიფო საწარმოები არაეფექტიანობის ერთ- -ერთი მთავარი მიზეზია და ამასთან, აქ არის ყველაზე მეტი აუთვისებელი პოტენციალი, რომელიც ამ ქვეყნებმა შეიძლება ეფექტიანად გამოიყენონ ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის პოსტ-COVID პერიოდში.
კერძოდ კი, სახელმწიფო საწარმოების უმრავლესობა კორუფციისა და შესაძლებლობების არასწორად გამოყენების ყველაზე დიდი წყაროა ქვეყანაში. ისინი ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება – ასაქმებენ პოლიტიკურ ელიტას, აფინანსებენ პოლიტიკურ პროექტებს, ან თუნდაც, თამაშობენ პოლიტიკურ როლს საერთაშორისო ურთიერთობებში – ნაცვლად იმისა, რომ ორიენტირებულნი იყვნენ ეფექტურ და ეფექტიან მენეჯმენტსა და ინოვაციებზე, რათა მოგების მაქსიმალიზაციას მიაღწიონ.
ამჟამად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მნიშვნელოვანი მოცულობის სესხებს გამოყოფენ სახელმწიფო საწარმოებისთვის პირდაპირი ან საბიუჯეტო დაფინანსების სახით. პირდაპირი (ან საბიუჯეტო) დაფინანსების სანაცვლოდ IFI-ებმა მათ უნდა მოსთხოვონ კონკრეტულ ვადებში ევრობონდების გამოშვება, ან IPO-ს განხორციელება (ეს, მთავრობის პოლიტიკიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს აქციების მცირე ან დიდი წილი). ამ შემთხვევაში, IFI-ებს სესხის გამოყოფასთან ერთად, შეუძლიათ „ღუზა”-ინვესტორის როლის შესრულებაც. გარდა ამისა, IFI-ების მხრიდან დაფინანსების (და „ღუზა”-ინვესტორად ყოფნის) პირობა უნდა იყოს საწარმოს მენეჯმენტის ანაზღაურება ევრობონდის „წანაცვლების“ (სუვერენულ და სახელმწიფო საწარმოს ევრობონდების შემოსავლიანობებს შორის სხვაობა) საფუძველზე, ან საერთაშორისო ბირჟაზე საწარმოს აქციების შემოსავლიანობის საფუძველზე (Performance Share) IPO-ს შემთხვევაში, ან შესაძლებელია ანაზღაურების ნაწილი იყოს კომპანიის წილის გადაცემა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ – მას შემდეგ, როდესაც სარწმუნო გახდება, რომ კომპანიის გრძელვადიანი განვითარება მენეჯმენტის ინტერესში იყო.
რატომ არის ასეთი სქემა მნიშვნელოვანი?
პირველ რიგში, სახელმწიფო საწარმოსთან დაკავშირებული ყოველი ტრანზაქცია საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ქვეყანას რისკის რუკის შექმნაში ეხმარება. ფინანსურ ბაზრებზე ხდება სხვადასხვა ტიპის რისკის (სუვერენული, სუბსუვერენული ევრობონდები, კომპანიისა და ფინანსური ინსტიტუტების აქციები და სხვა) შეფასება, რაც დაეხმარება ამავე ქვეყნის სხვა კომპანიებს, უკეთ მოიზიდონ ინვესტორები, ან დაეხმარება ადგილობრივ ბანკებს ფინანსური რესურსის მოზიდვაში, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებულ საპროცენტო განაკვეთებზე. როდესაც ქვეყანას არ გააჩნია რისკის რუკა, ეს მხოლოდ ზრდის საინვესტიციო რისკებს და, შესაბამისად, იზრდება სესხის ღირებულება და მცირდება აქტივების ფასი.
მეორე – მაშინ როდესაც სახელმწიფო საწარმოს მენეჯმენტის ანაზღაურება ხდება საფონდო ოფციონების ან ევრობონდების შემოსავლიანობის „წანაცვლების“ საფუძველზე, მენეჯმენტს განსხვავებული მიდგომა აქვს კომპანიის მართვისადმი – ის ცდილობს გადაჭრას არაეფექტიანობის პრობლემა, თავიდან აირიდოს პოლიტიკურად მოტივირებულ პროექტებში ჩართულობა, პოლიტიკური ნიშნით დასაქმება ან პოლიტიკური ნიშნით დაფინანსება, მთავრობებმა კი იციან, რომ სახელმწიფო საწარმოების ნებისმიერი არაპროფილური საქმიანობა ზიანს მიაყენებს სახელმწიფო აქციების ან ევრობონდების ღირებულებას, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება მთავრობის მდგომარეობაზე. სახელმწიფო საწარმოს მენეჯმენტი მოტივირებული ხდება, მიიღოს ზომები კომპანიის გასაჯანსაღებლად – გამჭვირვალე პოლიტიკა შეიმუშაოს და კორპორაციული მმართველობის საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტები დანერგოს.
და მესამე – კომპანიის მენეჯერები ამავდროულად ხდებიან როგორც მთავრობის, ასევე ქვეყნის სარეკლამო აგენტები. მათი ანაზღაურება დამოკიდებულია ფასიანი ქაღალდების ღირებულებაზე საერთაშორისო ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ ისინი მუდმივად კომუნიკაციაში უნდა იყვნენ ინვესტორებთან და მიაწოდონ მათ ინფორმაცია ქვეყნის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორებიც დაინტერესებულნი არიან ქვეყნის პოპულარიზაციისთვის უკეთესი პლატფორმის შექმნაში, რაც სხვა შემთხვევაში არარელევანტური იქნებოდა მათთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი შეცდომისა და კრიტიკის მიუხედავად, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები წარმატებით ეხმარებიან განვითარებად ქვეყნებს ზრდასა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ პოლიტიკაში რამდენიმე ცვლილებაც მოხდა, რაც ძირითადად ეფექტიანი აღმოჩნდა.
ახლა, როდესაც პანდემიამ განვითარებადი ქვეყნების ყველა არსებული ეკონომიკური პოლიტიკა ფაქტობრივად ჩამოშალა, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც მოერგონ ახალ რეალობას და პოლიტიკა შეცვალონ. SME-სექტორის გადარჩენა და განვითარებადი ქვეყნების დახმარება ახალი ინვესტიციების მოზიდვაში, სახელმწიფო საწარმოების გაჯანსაღებასა და ფინანსური დახმარების გამჭვირვალე წესების შემუშავებაში – ეს შეიძლება იყოს საუკეთესო როლი, რომელსაც IFI- ები შეასრულებენ COVID-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში“.