მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ვითარდება საქართველოში კაპიტალის ბაზარი? - აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლის მოსაზრება

64b14c0db2ba6
სალომე ხიდურელი
16.07.23 22:40
705
„თეგეტა ჰოლდინგმა“ საქართველოში პირველად, კაპიტალის ბაზარზე 20 მლნ ლარის ღირებულების მწვანე ობლიგაციები, აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და TBC Capital-თან თანამშრომლობით განათავსა. ამ პროცესში ADB-ის როლზე ფინანსური ინსტიტუტის ინვესტიციების უფროსი სპეციალისტი დეივიდ ურბანეხა-ფურელოსი BMGTV-ს გადაცემა „Forbes კვირაში“ საუბრობს.

„ADB რეალურად, დროთა განმავლობაში ერთგვარად კლიმატის ბანკი ხდება, ამიტომ ყველაფერი, რაც შეეხება გარემოს მდგრადობას, კლიმატზე საუბრებს, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ განავითარონ კაპიტალის ბაზრის სტრატეგია, რათა არა მხოლოდ ოფშორულად, ადგილობრივადაც აქციათა ბაზარზე მეტი, განსაკუთრებით ESG კომპონენტის მქონე, ტრანზაქცია განხორციელდეს. ვეცადეთ, თეგეტასა და თი ბი სი კაპიტალთან თანამშრომლობით, საზღვრები უფრო გაგვეფართოებინა და ადგილობრივ აქციათა ბაზარზე მეტი მწვანე ობლიგაცია გამოგვეშვა, განსაკუთრებით ადგილობრივ ვალუტაში, ქართულ ლარში. თეგეტასა და თიბისი კაპიტალთან, ასევე სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, მწვანე ობლიგაციების გამოსაშვებად საჭირო სტრუქტურის შექმნაზე ვმუშაობდით“, - აღნიშნავს დეივიდ ურბანეხა-ფურელოსი.

ADB-ის წარმომადგენელი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს სფერო ჯერ განვითარების სტადიაშია, თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში პროგრესი თვალსაჩინოა.

ვხედავთ რა ეტაპზე იყო კაპიტალის ბაზარი 10 წლის წინ და სად არის ახლა. ვხედავთ, რომ რამდენიმე მსხვილი ემიტენტიდან, რომლებიც ობლიგაციებს ამერიკულ დოლარში უშვებდნენ, უფრო მეტი ადგილობრივი ემიტენტი გაჩნდა, რომლებიც როგორც დოლარში, ასევე ლარში უშვებენ ბონდებს. განსაკუთრებული აქტიურობა ბოლო 12 თვეში შევამჩნიეთ, პირველი გენდერული ბონდებითა და მწვანე ობლიგაციებით, რომლებიც „თეგეტამ“ ეროვნულ ვალუტაში გამოუშვა, უკვე თვალნათელია რომ, განსაკუთრებით რეგიონში, ქართული კაპიტალის ბაზარი ნამდვილი პიონერია, რომელიც მაგალითს დებს, თუ როგორ ცვლის ინდუსტრიას გარკვეულ საკითხებზე ინოვაციური მიდგომები, პატარა ეკონომიკების შემთხვევაშიც კი.

ჩვენ უკვე ველოდებით ამ სფეროში ჩვენი აქტივობის ზრდას და, სხვათა შორის, მომავალ წელს ჩვენ ვმართავთ აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას აქ, თბილისში, 2024 წლის მაისში, რაც კიდევ უფრო გაზრდის ბიძგს ქართულ ეკონომიკაში პოზიტიურ ცვლილებებზე. ეს ნამდვილად აღსანიშნავია“, - ამბობს ფურელოსი.

მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკისგან ქართულ კომპანიებთან მუშაობის ინტერესი მზარდია, რათა ქვეყანაში დეკარბონიზაციისა და მდგრადი განვითარების პროცესებმა წინ წაიწიოს: „მწვანე ობლიგაციები ნამდვილად ერთ-ერთი კარგი გზაა ამის ხელშეწყობისთვის. ჩვენ ვაკვირდებოდით ტრანზაქციებს ბოლო წლების მანძილზე და თეგეტასა და სხვა კომპანიებთან მუშაობით ვართ დაინტერესებული, რათა მსგავსი ტრანზაქციები გავზარდოთ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები