სავაჭრო ცენტრების თანამშრომლების 25%-ს covid-ზე სწრაფი ტესტი ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს - ესაა მათი ადმინისტრაციების ვალდებულება, რომელიც დღეს შრომის ინსპექციის უფროსმა ბექა ფერაძემ ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო.
როგორც bm.ge-ის შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა თეიკო ლომინაძემ განუცხდა, შრომის ინსპექციამ მათ წარუდგინა პლატფორმა, სადაც კომპანიები უნდა დარეგისტრირდნენ.
საქმე ისაა, რომ შეიქმნება სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, სადაც მოლებისა და ბაზრობების წარმომადგენლები 1 თებერვლიდან მუშაობის გასაახლებლად რეგისტრაციას გაივლიან. ირკვევა, რომ სწორედ აღნიშნულ პლატფორმაზე მოუწევს ბიზნესს იმ ინფორმაციის განთავსება, რომელიც თანამშრომლების ტესტირებას შეეხება.
“აღნიშნულ პლატფორმაზე „ისთ ფოინთის“ ტერიტორიაზე დასაქმებული ყველა ადამიანი უნდა აღირიცხოს. თანამშრომლების 25%-ს ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს covid-ტესტი. ამ პლატფორმაზე კომპანიებს მიენიჭებათ დადებითი ან უარყოფითი სტატუსი და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ისინი ოპერირების განახლებას. გახსნის სავარაუდო თარიღად კვლავ 1 თებერვალი რჩება“, - განაცხადა თეიკო ლომინაძემ.
შეგახსენებთ: შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების ადმინისტრაციის თანამშრომლების ტესტირებების ხარჯს ერთჯერადად სახელმწიფო გაიღებს, შემდეგ კი - ბიზნესი.