მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„როგორია თქვენი ხედვა ტურისტულ მოსაკრებელთან დაკავშირებით?“ - დეპუტატი მინისტრს

633ec5de14941
მარიამ დემეტრაშვილი
06.10.22 16:12
433
როგორია ეკონომიკის სამინისტროს ხედვა ტურისტულ მოსაკრებლებთან დაკავშირებით? - ამ კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რესან კონცელიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მიმართა, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

„პარლამენტის კომიტეტებში ტურიზმის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, მათ შორის საუბარია ადგილობრივი ტურისტული მოსაკრებლების დაწესებაზე. ეს თანხები აკუმულირდება ადგილობრივ ბიუჯეტში, რაც კიდევ უფრო განავითარებს ადგილობრივ ტურიზმს. როგორია ეკონომიკის სამინისტროს ხედვა ამ მიმართულებით?“, - მიმართა დეპუტატმა ლევან დავითაშვილს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მინისტრს ასევე ჰკითხა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რათა აჭარა ტურისტულად მიმზიდველი იყოს ოთხივე სეზონზე.

„რამდენიმე დღის წინ ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა, სადაც ბათუმი დასახელდა, როგორც სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების პრიზიორი. ასევე, ბათუმი ოფიციალურად დასახელდა როგორც იმავე ღონისძიების მასპინძელი ქალაქი 2023 წლისთვის. თქვენთვის ცნობილია, რომ აჭარას ტურიზმის მხრივ დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია, ოთხივე სეზონი მიმზიდველი გახადოს. ტურიზმის განვითარების კუთხით არაერთი პროექტი ხორციელდება, მაგრამ ალბათ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა მეტად გაძლიერდეს ეს მიმართულება. თქვენი აზრით, რა არის საჭირო, რომ აჭარაში ტურისტების შემოდინება გაგრძელდეს ოთხივე სეზონზე და როგორია თქვენი ხედვა ამ მიმართულებით?“, - ჰკითხა რესან კონცელიძემ მინისტრს.

განახლება:

ტურისტული მოსაკრებლის შესახებ დეპუტატის კითხვაზე პასუხად ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი დაწესება სამართლიანი იქნება. დავითაშვილის თქმით, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, რაც ტურისტულად მიმზიდველ მუნიციპალიტეტებს დამატებით შემოსავლებს აძლევს.

„ეს არის დავით სონღულაშვილის მიერ ინიცირებული. სამინისტროს მჭიდრო კომუნიკაცია აქვს კომიტეტთან და არაერთი განხილვის შემდეგ, პროექტი თვისობრივად გაუმჯობესდა. კიდევ არსებობს მოსაზრებები, სამუშაო პროცესი გაგრძელდება, მაგრამ ტურიზმის მოსაკრებლის ნაწილი, ვფიქრობ, სამართლიანია. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, რაც ტურისტულად აქტიური რეგიონებისთვის მაკომპენსირებელია. ეს დამატებით შემოსავლებს აძლევს მუნიციპალიტეტებს, რათა ისევ და ისევ მუნიციპალიტეტების საჭიროებისკენ მიემართოს თანხები და კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ესა თუ ის ლოკაცია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება დეპუტატ რესან კონცელიძის მიერ დასმული კითხვის მეორე ნაწილს, მინისტრმა მას უპასუხა, რომ აქტიური მუშაობა უნდა გაგრძელდეს, აჭარის მიმართულებით საავიაციო რეისების მოზიდვის კუთხით, მათ შორის ზამთრის სეზონზე.

„დიახ, აჭარას აქვს განსაკუთრებით დიდი ტურისტული პოტენციალი. ის არის საქართველოში ერთ-ერთი ყველზე პოპულარული ტურისტული მიმართულება, თუმცა გვესმის, რომ სეზონურად არის შეზღუდული და არ არის თანაბრად განაწილებული აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.

ვფიქრობ, უნდა გავაგრძელოთ აქტიური პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებიდან საავიაციო რეისების მოზიდვის კუთხით, მათ შორის ზამთრის სეზონზე. უნდა განვითარდეს ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის გოდერძის ზამთრის კურორტი. ამ მიმართულებითაც გარკვეული გეგმები უკვე არსებობს. ასევე, სხვადასხვა მაღალმთიან მუნიციპალიტეტში საშუალება გვაქვს, განვავითაროთ აგროტურიზმი, ღვინის ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი და ამ მიმართულებით ვფიქრობთ, აჭარის ავტონომიასთან მჭიდრო თანამშრომლობა შეგვიძლია“, - განაცხადა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები