მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყანას რამდენი კოვიდ-ვაქცინა აქვს ნაყიდი

600f05323f336
თათია კაკიაშვილი
26.01.21 00:30
2571

მსოფლიოს მასშტაბით, დღეისათვის წინასწარ თითქმის 7,25 მილიარდი დოზა კოვიდ-ვაქცინაა ნაყიდი ქვეყნების და ორგანიზაციების მიერ. Visual Capitalist გვთავაზობს სიას, რომელმა ქვეყანამ რამდენი კოვიდ ვაქცინა იყიდა ამ დროისთვის და სულ რა რაოდენობის პრეპარატის დოზებია წინასწარ გაყიდული.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები ამჟამად დოზების უფრო მეტ წილს ყიდულობენ, ინდოეთმა 1,5 მილიარდი დოზა შეუკვეთა, რაც სხვა ცალკეულ ქვეყნებთან შედარებით, უფრო მეტია. ამასობაში, აშშ-მა წინასწარ შეიძინა 1,01 მილიარდი დოზა და, იმის მიუხედავად, რომ ეს რაოდენობა ინდოეთთან შედარებით, ნაკლებია, საგულისხმოა, რომ შტატებს სულ 330 მილიონი მოქალაქე ჰყავს, ინდოეთს კი - 1.3 მილიარდი. 

მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მსყიდველობითი უნარის გარეშე, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა COVID-19 ვაქცინების შესაძენად სხვა საშუალებებს უნდა მიმართონ, მაგალითად, ვაქცინის დოზების მისაღებად, ასეთი ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ, მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩაერთონ და კლინიკურ კვლევებში მიიღონ მონაწილეობა. ასეთია პერუს მაგალითიც. 

Visual Capitalist-ის მიხედვით, გაყიდული დოზების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, მაღალშემოსავლიანმა ქვეყნებმა უკვე კოვიდ ვაქცინის თითქმის 54% შეიძინეს, რაც 4 მილიარდ დოზას უტოლდება. ამავდროულად, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა ვაქცინის დაახლოებით - 23% იყიდეს. აღსანიშნავია, რომ კანადამ თითო ადამიანზე დოზების ყველაზე მეტი რაოდენობა “დაჯავშნა” - ქვეყანამ შეუკვეთა 350 მილიონზე მეტი ვაქცინა 38 მილიონზე მეტი მოსახლეობისთვის, რაც ერთ ადამიანზე ცხრა დოზას უდრის. 

ამჟამად 200-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატია შემუშავებული და მათი ტესტირება დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა, არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომ ვაქცინის ყველა პრეტენდენტი ტესტირების ეტაპს არ გაივლის. ჯერჯერობით მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინაა - ამ დროისთვის 2,5 მილიარდზე მეტი დოზაა გაყიდული. ამასთან, აკადემიური ინსტიტუტი, AstraZeneca-სთან ერთად, ინდოეთსა და აშშ-ს ვაქცინის 500 მლნ დოზას ურიგებს, ხოლო ევროკავშირს - 400 მლნ დოზას. "ნოვავაქსმა" კი, COVID-19 ვაქცინების მეორე ყველაზე მაღალმა გამყიდველმა, წინასწარ ვაქცინის 1.3 მილიარდი დოზა გაყიდა. რაც შეეხება Pfizer-BioNTech-ს და Moderna-ს, მათ ვაქცინის წარმოების საერთო დოზების 10% და 6% გაყიდეს წინასწარ. 

რაც შეეხება კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ფასებს, მაგალითად, Pfizer-BioNTech-ის წარმოებული ვაქცინის თითო დოზა 19,50 დოლარად იყიდება. შესაბამისად, კომპანიის მიერ უკვე გაყიდული დოზების რაოდენობის მიხედვით, მისი ამჟამინდელი შემოსავალი 13 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება მოსახლეობის ვაქცინაცია, ძირითადი აქცენტი ჯანდაცვის მუშაკებსა და მოხუცებზე კეთდება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით ინფიცირების დაახლოებით 97,5 მლნ შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 2 მილიონი ადამიანი. მსოფლიო ვაქცინაზე დიდ იმედებს ამყარებს და იმედოვნებს, რომ პანდემია მალე დასრულდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები