რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე - რეიტინგი
შოთა ტყეშელაშვილი
20.01.23 14:07
• 1387
2022 წელს საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 903 მილიონი დოლარის ღირებულების 80 ათასი ერთეული ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 98%-ით მეტი იყო. რეექსპორტზე გასული მანქანების უდიდესი ნაწილი მეორადია, ხოლო ერთეულის საშუალო ფასი $11.3 ათასი დოლარი იყო.
ქვეყნების მიხედვით რეექსპორტში პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც 308 მილიონი დოლარის ღირებულების 30.4 ათასი მსუბუქი ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. მეორე ადგილზეა სომხეთი სადაც ავტოექსპორტი რეკორდული ტემპით (2,198%-ით) გაიზარდა და $145 მილიონი დოლარი შეადგინა. მესამე ადგილზეა უკრაინა, სადაც ომის მიუხედავად ავტოექსპორტი 36%-ით, $120 მილიონამდე გაიზარდა. $76 მილიონამდე გაიზარდა ექსპორტი რუსეთშიც.
ავტოექსპორტის 2022 წლის სტატისტიკა:
1) აზერბაიჯანი $308 მლნ, 30,452 ავტომობილი, ზრდა 24%, საშუალო ფასი $10 ათასი; 2) სომხეთი $145 მლნ, 11,932 ავტომობილი, ზრდა 2198%, საშუალო ფასი $12 ათასი; 3) უკრაინა $120 მლნ, 12,673 ავტომობილი, ზრდა 36%, საშუალო ფასი $9 ათასი; 4) ყაზახეთი $104 მლნ, 7,352 ავტომობილი, ზრდა 345%, საშუალო ფასი $14 ათასი; 5) რუსეთი $76 მლნ, 5,395 ავტომობილი, ზრდა 338%, საშუალო ფასი $14 ათასი; 6) ყირგიზეთი $71 მლნ, 7,441 ავტომობილი, ზრდა 301%, საშუალო ფასი $10 ათასი; 7) ბელგია $25 მლნ, 540 ავტომობილი, ზრდა 42%, საშუალო ფასი $46 ათასი; 8) ტაჯიკეთი $17 მლნ, 2,610 ავტომობილი, ზრდა 136%, საშუალო ფასი $7 ათასი; 9) არაბთა გაერთიანებული საამიროები $11 მლნ, 153 ავტომობილი, ზრდა 24%, საშუალო ფასი $73 ათასი; 10) ბელარუსი $6 მლნ, 230 ავტომობილი, ზრდა 6186%, საშუალო ფასი $28 ათასი;
საქსტატის თანახმად, საქართველოდან რეექსპორტზე გასული ავტომობილების საშუალო ფასი ყველაზე მაღალი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშია, რაც $73 ათასს შეადგენს, ყველაზე დაბალი 7 ათასი დოლარის საშუალო ფასი კი ტაჯიკეთშია.