მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებში გავა ექსპორტზე ქართული „კომბუჩა“ - კომპანიის დირექტორი

5f048b0088e81
ვიქტორია მღებრიშვილი
08.07.20 10:15
2299
"ვფიქრობთ, ქართული „კომბუჩა“ შეძლებს საერთაშორისო ბაზარზე თავისი ნიშის დაკავებას" - ასე აფასებს კომპანია „კომბუჩა ბრუერს ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი აკაკი ადამია ადგილობრივი წარმოების პერსპექტივებს საერთაშორისო ბაზარზე.

საქმე იმაშია, რომ „კომბუჩას“ მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა 7 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში დაიწყო და საწარმო პროდუქტის ქართულ ბაზარზე შეტანას ნოემბრისთვის გეგმავს. საწყისი ინვესტიციის მოცულობა 700 000 ლარია, თუმცა კომპანია გაფართოებას და ექსპორტზე გასვლას მალევე აპირებს.

აკაკი ადამია BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, რომ მეორე ფაზა ანუ საწარმოს გაფართოების ეტაპი უფრო მასშტაბურია და ის საექსპორტო ბაზრების ათვისებაზე იქნება ორიენტირებული.

„ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრების შემდეგ დავიწყებთ საწარმოს გაფართოებაზე ფიქრს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 2 მლნ დოლარამდე იქნება. მეორე ეტაპზე დიდ აქცენტს ექსპორტზე გავაკეთებთ, ვინაიდან კომბუჩა საერთაშორისო ბაზრებზე სულ უფრო პოპულარული ხდება. აშშ-სა და ევროპაში ეს ძალიან პოპულარული სასმელია. რეგიონში ახლა ხდება ცნობილი, ამიტომ ვთვლით, რომ რადგან რეგიონში ქართული წყალი და ქართული ჩაი პოპულარულია, საქართველოს კარგი პოტენციალი ექნება კომბუჩას მწარმოებლის ნიშის დაკავებისთვის“, - განმარტავს „კომბუჩა ბრუერს ჯორჯიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

კომპანია, პირველ რიგში, „კომბუჩას“ ექსპორტს დსთ-ის ქვეყნებში გეგმავს, ხოლო შემდეგ საექსპორტო ქვეყნების არეალი გაფართოვდება.

„პირველ საექსპორტო ბაზრებად დსთ-ის ქვეყნებს განვიხილავთ. ასევე, ვთვლით, რომ ევროპიდანაც ინტერესი კომბუჩაზე მაღალი იქნება, რადგან ეს პროდუქტი იქ საკმაოდ მოთხოვნადია. ამის შემდეგ ვფიქრობთ, რომ სასმელს არაბულ ქვეყნებში გავიტანთ“, - განაცხადა აკაკი ადამიამ და დასძინა, რომ „მეორე ეტაპის განხორციელებისას საწარმო ჯამში 100-მდე ადამიანის დასაქმებას შეძლებს, ხოლო წარმადობა, დაახლოებით, 5 მლნ ბოთლამდე გაიზრდება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები