მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნები მოიხმარენ ყველაზე მეტ ხორცს?

64b6339247e0b
მარიამ იზორია
18.07.23 10:35
1145
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 70 ქვეყანა, ანუ მონაცემთა მთლიანი ბაზის 40% ყველაზე დიდი ოდენობით ფრინველის ხორცს მოიხმარს, ფრინველის ხორცს შორის კი ყველაზე პოპულარული ქათმის ხორცია. ალბანეთთან, ავსტრალიასთან და აზერბაიჯანთან ერთად ქათმის ხორცის მოხმარების კუთხით - საქართველოც ლიდერობს. ანუ ჩვენს ქვეყანაში სხვდასხვა ცხოველურ ხორცს შორის ყველაზე დიდი რაოდენობით ქათმის ხორცს მიირთმევენ.

მეორე ყველაზე პოპულარული ხორცი თევზი და ზღვის სხვა პროდუქტებია. აღმოჩნდა, რომ 56 ქვეყანაში ყველაზე მეტი რაოდენობით სწორედ ზღვის პროდუქტებით იკვებებიან.

მსოფლიოს 29 ქვეყანაში პოპულარულია ღორის ხორცი, 23 ქვეყანაში საქონლის, მხოლოდ 5 ქვეყანაში ცხვრის, 2 ქვეყანაში კი სხვა დანარჩენი ცხოველის ხორცი.

ხორცს ყველაზე დიდი ინტენსივობით ჰონგკონგში, ისლანდიასა და მაკაოში მოიხმარენ. ამ ქვეყნებში წლიურად 1 სულ მოსახლეზე ჯამში 170 კილოგრამი ხორცი ნაწილდება.

საინტერესოა, რომ აშშ-სა და ჩინეთში ყველაზე მეტ ქათმის ხორცს მიირთმევენ, თუმცა როცა საქმე ეხება ფრინველის ხორცის მოხმარებას ერთ სულ მოსახლეზე - ქვეყნები შესაბამისად მე-7 და 112-ე ადგილზე არიან. რამდენიმე კუნძულოვანი ქვეყანა - მათ შორის, სან ვინსენტი და გრენადინები, ტრინიდადი და ტობაგო, სამოა ისრაელთან ერთად, ყოველ ადამიანზე წლიურად 60 კილოგრამ ფრინველის ხორცს მიირთმევს. ფრინველის ხორცის აქტიური მომხმარებლები არიან დიდი ბრიტანეთი, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები.

რაც შეეხება საქართველოს, FAO-ს მონაცემებით, ჩვენი ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე 18 კილოგრამ ხორცს მოიხმარს. ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის ფრინველის ხორცის მოხმარებით ლიდერობს რუსეთი - 30 კილოგრამზე მეტით, 14 კილოგრამ ფრინველის ხორცს მიირთმევენ აზერბაიჯანის მოქალაქეები, 15 კილოგრამს კი სომხეთის.

ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტ ღორის ხორცს, 55 კილოგრამზე მეტს, ჰონგკონგში მიირთმევენ. ღორის ხორცის წამყვანი მწარმოებელია პოლონეთი, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე წლიურად 55 კილოგრამ ხორცს მოიხმარს, ასევე ესპანეთი, სადაც 52 კილოგრამზე მეტ ღორის ხორცს მიირთმევენ. საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, სადაც ღორის ხორცი ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, ჩვენს ქვეყანაში ერთი ადამიანი წლიურად 9 კილოგრამზე მეტ ხორცს ჭამს. რუსეთი 28 კილოგრამ ხორცს მოიხმარს, სომხეთი დაახლოებით 8 კილოგრამს, აზერბაიჯანი ნახევარ კილოგრამს. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ღორის ხორცის მოხმარების კუთხით ევროპის ქვეყნები ლიდერობენ.

თევზის და ზღვის პროდუქტების მოხმარებით ლიდერობს ისლანდია, სადაც წელიწადში ერთი ადამიანი საშუალოდ 90 კილოგრამი ზღვის პროდუქტით იკვებება. აღსანიშნავია, რომ ამ რაოდენობით, არც ერთი ქვეყანა, არც ერთი სახეობის ხორცს არ მოიხმარს. ერთი ადამიანი 73 კილოგრამ ზღვის პროდუქტებს მოიხმარს მაკაოში. ჰონგკონგში 65 კილოგრამს, სეიშელზე კი 56 კილოგრამს მიირთმევენ. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან ხორცის სახეობებს შორის ფრინველის ხორცის შემდეგ, თევზს ყველაზე დიდი ოდენობით მიირთმევენ, საუბარია ერთ სულ მოსახლეზე 10 კილოგრამ თევზზე და ზღვის სხვა პროდუქტებზე.

საინტერესოა მონაცემები საქონლის ხორცის მოხმარების კუთხითაც. არგენტინაში, სადაც 46 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თითო მოსახლე ყოველწლიურად თითქმის 47 კილოგრამ ძროხის ხორცს მიირთმევს. მაღალია მოხმარება ზიმბაბვეში, 42 კილოგრამი. ლიდერობს ამერიკის შეერთებული შტატები თითქმის 38 კილოგრამი საქონლის ხორცით, ასევე ავსტრალია 37 და ბრაზილია 35 კილოგრამით. 1 სულ მოსახლეზე თითქმის 6 კილოგრამ ხორცს მოიხმარს საქართველო.

რაც შეეხება სხვა ხორცის მოხმარებას, ამ კატეგორიაში ცხვრის, თხის, კურდღლის, ცხენის ხორცი ერთიანდება. მონღოლეთის მოსახლეობა უკონკურენტოა ცხვრისა და თხის ხორცის მოხმარებით, ყოველწლიურად ისინი 66 კილოგრამ ამ სახეობის ხორცს მიირთმევენ. "სხვა ხორცის" მოხმარების რეიტინგში პაპუა-ახალი გვინეაც ლიდერობს. მათ განვითარებული აქვთ ნადირობის კულტურაც, შესაბამისად, მკვიდრი მოსახლეობა აქტიურად ნადირობს ირემსა და გარეულ ღორზე. საინტერესოა საქართველოს მონაცემები, FAO-ს ინფორმაციით, საქართველოში ერთი ადამიანი წლიურად თითქმის ორ კილოგრამ სხვა სახეობის ხორცს მიირთმევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები