რეკლამების კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში #1 ადგილს იკავებდა სპორტის და გართობის (აზარტული თამაშები) კატეგორია შემოსავლების 26%-ის ოდენობით. მეორე პოზიციაზე მედიცინა 13.5%-ით; ინდუსტრია და სერვისები - 12.8%-ით; სასმელები - 11%; საკვები - 7.6%-ით; ჯანმრთელობა (გასაჯნსაღება) და სილამაზე (კოსმეტიკა) - 7.1%; საოჯახო ქიმია - 5.9%; ფინანსები - 3.9%; ტელეკომუნიკაციები - 3%; ელექტროტექნიკა - 2.3%; სხვა - 3.3%.
2022 წლის მარტიდან საქართველოში აზარტული თამაშების რეკლამები აიკრძალა, რაც წელს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ზომაზე სავარაუდოდ ნეგატიურად აისახება. ეს სფერო სხვადასხვა შეფასებით, წლიურად 30 მილიონამდე ლარის სარეკლამო დროს ყიდულობდა ყოველწლიურად.
რაც შეეხება თავად ტელევიზიების მაყურებელთა რაოდენობას, კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ტელევიზიის მაყურებელთა ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი ასაკოვანი მოსახლეობაა.
ასაკობრივ ჭრილში ყურებადობის დონე RTG კოეფიციენტით იანგარიშება, რაც მთლიანი პოპულაციიდან მაყურებელთა პროცენტულ მაჩვენებელს წარმოადგენს. 65+ ასაკობრივ ჯგუფში ტელევიზიის ყურებადობის დონე 30.6%-ია, 55-64 წლამდე ჯგუფში ყურებადობის დონე 26.9%-ია, ხოლო 16-24 წლის ჯგუფში 9.9%.
