2020 წელს მსოფლიომ 493 ახალი მილიარდერი შეიძინა, ეს კი ნიშნავს, რომ ყოველ 17 საათში მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც ხდებოდა მილიარდერი. მილიარდერების ნამატი მათი კუთვნილი აქციების ფასების ზრდამ განაპირობა. ბოლო 7 წელია, მილიარდერთა მუდმივი განთავსების და საცხოვრებელი ადგილი არ იცვლება, მაგალითად, ნიუ-იორკში გაცილებით მეტი მილიარდერი ცხოვრობს, ვიდრე პლანეტის დანარჩენ ქალაქებში. თუმცა, Visual Capitalist-ის ცნობით, წლევანდელ რეიტინგში გარკვეული ცვლილები შეინიშნება.
პეკინმა წელს საკუთარ კედლებში თავი უკვე ას მილიარდერს მოუყარა. აქ სულ რაღაც 1 მილიარდერით მეტი ცხოვრობს, ვიდრე ნიუ-იორკში. გასაკვირი არცაა, რადგან, როგორც წესი, მდიდრებს შორის უმდიდრესები ცხოვრებას ყოველთვის მასშტაბურ ქალაქებს უკავშირებენ, როგორც ჩანს, მხოლოდ ასეთი მეგაპოლისები შეესაბამება მათი ცხოვრების განსხვავებულ წესს.
პეკინი, ნიუ-იორკი, ჰონგ-კონგი, მოსკოვი, შენზენი, შანჰაი, ლონდონი, მუმბაი, სან-ფრანცისკო და ჰანჯოუ - სწორედ ასეთია მილიარდერთა ქალაქების ათეული, სადაც თითო ქალაქში მინიმუმ 47, მაქსიმუმ კი 100 მილიარდერი ცხოვრობს.
ბუნებრივია, ამ მეგაპოლისებში მცხოვრები ზოგიერთი ადამიანი, სხვებთან შედარებით, ცნობადი ფიგურაა. მაგალითად, ნიუ-იორკის ყველაზე მდიდარი მოქალაქე და ქალაქის ყოფილი მერი - მაიკლ ბლუმბერგი დღეს 59 მილიარდ დოლარზე მეტ ქონებას ფლობს. უმდიდრესი მილიარდერი პეკინიდან კი TikTok-ის დამფუძნებელი ჯანგ იმინგი გახლავთ, რომლის მთლიანი შემოსავალიც Forbes-ის მიერ 35.6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ლონდონი, ნიუ-იორკი და სან-ფრანცისკო ის სამი ქალაქია, რომლებიც დასავლეთში მდებარეობს და უმდიდრესი მოქალაქეების სიაში მოხვდა. იმის მიუხედავად, რომ გასულ წელს ნიუ-იორკი უმდიდრესი ადამიანების რაოდენობის მხრივ 1 ადგილით ჩამოქვეითდა და ეს პოზიცია პეკინს დაუთმო, ნიუ-იორკელი მილიარდერების მთლიანი ქონება პეკინელებისას მაინც ბევრად აღემატება - ეს ოდენობა სულ 560.5 მილიარდი დოლარია.
მილიარდერების ქალაქების ნახევარზე მეტი აზიაში მდებარეობს, რაც სიმდიდრის აღმოსავლეთისკენ გადაადგილების დამადასტურებელია. ექვსი აზიური ე.წ. მილიარდერების მეგაპოლისიდან ხუთი ჩინეთში იყრის თავს.
ჩინეთი არის ქვეყანა, რომელშიც პანდემიის მიუხედავად, შესაძლოა, სწორედ COVID 19-ის წყალობითაც კი, უკვე წელიდაწნახევარია, ელექტრონული კომერციის ბუმია. ეს გახლავთ ქვეყანა, რომლის ხელისუფლებამაც მოახერხა და სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეფექტიანად მართა პანდემიური პროცესები, რამაც ეკონომიკას ამუშავების შესაძლებლობა მისცა და ქვეყანა სწორედ ამ ფონზე ცდილობს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს პანდემიამდელ რელსებს. საინტერესო კიდევ ის არის, რომ ახალი ჩინელი მილიარდერების ნახევარმა ქონება სწორედ ტექნოლოგიური საშუალებებით, ძირითადად, მათი წარმოებით დააგროვა.
საგულისხმოა ისიც, რომ 2020 წელს ოთხმა ჩინურმა ქალაქმა მილიარდერების ზრდა დააფიქსირა - თითო ქალაქში მინიმუმ 10 ახალი მილიარდერი “გაჩნდა”:
ჰენჯოუ - 21 ახალი მილიარდერი;
შანჰაი - 18 ახალი მილიარდერი;
შენჟენი - 24 ახალი მილიარდერი;
პეკინი - 33 ახალი მილიარდერი.
ერთადერთი სხვა ქალაქი, რომელმაც 2020 წელს 10-ზე მეტი ახალი მილიარდერი მოიპოვა, სან-ფრანცისკო იყო - 11 ახალი უმდიდრესი მოქალაქით.