მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული რესტორანი?

642443f7ab023
ლიკა მეგუთნიშვილი
29.03.23 18:05
1206
Bscholarly.com მსოფლიოში 10 ყველაზე ძვირადღირებული რესტორნის რეიტინგს აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული რესტორნის ტიტული იბიცაზე მდებარე Sublimotion-ს ერგო, რომელიც მიშლენის 2 ვარსკვლავის მფლობელ შეფ-მზარეულს, პაკო რონსეროს ეკუთვნის. რესტორანი წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე თვით, 1-ელი ივნისიდან, 1-ელ ოქტომბრამდე მუშაობს. მისი სადეგუსტაციო მენიუ 20 კერძისგან შედგება და 25 ადამიანისგან შემდგარი პროფესიონალთა გუნდი სტუმრებს 3 საათის განმავლობაში ემსახურება. ვირტუალური რეალობის კომპონენტებით შექმნილი ლაზერული შოუს ფონზე ვახშმობა ერთ ადამიანს Sublimation-ში 2,380 დოლარი უჯდება.

მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირადღირებული რესტორანი ნიუ-იორკში მდებარე მიშლენის სამი ვარსკვლავის მფლობელი Per Se-ია. თომას კლერკის კუთვნილი რესტორანი სტუმრებს 9 ფრანგული და ამერიკული კერძისგან შემდგარ კლასიკურ სადეგუსტაციო მენიუს და ასევე ცხრაკერძიან ვეგეტარიანულ მენიუს სთავაზობს. გარდა ამისა, რესტორანს ძვირფასი ღვინის კოლექციაც აქვს, საიდანაც სტუმრებისთვის 2000-ზე მეტი ბოთლია ხელმისაწვდომი. ერთი სტუმრისთვის კი ეს სიამოვნება, 800 დოლარიდან იწყება.

რეიტინგში მესამე პოზიციაზე შანხაიში მდებარე ელიტარული რესტორანი - Ultraviolet ხვდება. მიშლენის სამვარსკვლავიანი რესტორანი რეიტინგში შემავალი სხვა რესტორნებისგან იმით გამოირჩევა, რომ აქ მხოლოდ ერთადერთი მაგიდაა, რომელიც მაქსიმუმ 10 ადამიანს იტევს. რესტორანში თითოეულ სტუმარს სამი ადამიანი ემსახურება, მენიუ კი, 10-დან 20-მდე სხვადასხვა სახეობის კერძს მოიცავს, რომლის ფასიც 570 დოლარიდან იწყება და 900 დოლარამდე აღწევს.

მსოფლიოში 10 ყველაზე ძვირადღირებულ რესტორანს შორის, მე-4 ადგილს ნიუ-იორკში მდებარე Masa იკავებს, რომელიც იაპონელმა მასა ტაკაიმამ შექმნა. ზღვის პროდუქტების რესტორანში მენიუ საერთოდ არ არსებობს და შეფი მასა კერძებს მხოლოდ იმ ახალი ინგრედიენტებით ქმნის, რომელიც იმ დღესაა ხელმისაწვდომი. იაპონური ტრადიციებითა და სტუმართმოყვარეობით გამორჩეულ რესტორანში ვახშამი 3 კვირით ადრე უნდა დაჯავშნოთ და ამისთვის, სასმლის გარეშე 595 დოლარი უნდა გაითვალისწინოთ.

მეხუთე ყველაზე ძვირადღირებული რესტორანი კი, პარიზში მდებარე მიშლენის სამვარსკვლავიანი რესტორანი Maison Pic Valence-ია, რომელიც შეფ-მზარეულ სოფი პიკის ეკუთვნის. რესტორნის მენიუ 9 კერძისგან შედგება, რომელთაგან გამორჩეულია: ზაფრანის რუჟი ხმელთაშუა ზღვის ბულიონში, თხის ყველი ბერლინგტოში, ირმის ხორცის მარინადი და შოკოლადის დესერტი. ამ ყველაფრის დაგემოვნებას ხმელთაშუა ზღვის საოცარი პეიზაჟების ფონზე შეძლებთ, რისთვისაც ერთ ადამიანს 550 დოლარის გადახდა მოუწევს.

მეექვსე ყველაზე ძვირადღირებული რესტორნის ტიტული შვეიცარიის ქალაქ კრისიერში მდებარე რესტორან De L'Hôtel De Ville-ს ერგო. მიშლენის სამვარსკვლავიან რესტორანს შეფ-მზარეული ფრენკ ჯოვანი მართავს და ის სტუმრებს უნიკალურ გემოებს აცნობს. მისი თერთმეტკერძიანი სადეგუსტაციო მენიუდან გამორჩეული კერძებია: ცხვრის ფილეს სტეიკი, მიდიები ზაფრანით, სკარლეტ პომიდორი, პიპ კონსომე ხიზილალით და ა.შ. ერთ ადამიანს ვახშამი აქ 515 დოლარი დაუჯდება.

რეიტინგში მეშვიდე პოზიციაზე პარიზში მდებარე Guy Savoy-ია, რომელიც სხვა პარიზული რესტორნებისგან განსხვავებით, უპირატესობას ხორცის კერძებს ანიჭებს. რესტორნის მენიუ 13 კერძისგან შედგება და ხორცის ნაირსახეობასთან ერთად მათ შორის ისეთ საინტერესო კერძებსაც შეხვდებით, როგორიცაა: დაქუცმაცებული ხამანწკა, მოშუშული კეპი ბადრიჯნის ხიზილალით, და ასე შემდეგ. Guy Savoy მიშლენის რამდენიმე ვარსკვლავიან რესტორანში ვახშმობისთვის 536 დოლარი უნდა გაითვალისწინოთ.

ყველაზე ძვირადღირებულ რესტორნებს შორის მერვე ადგილზე კიოტოში მდებარე Kitcho Arashiyama ხვდება. კუნიო ტოკუოკას რესტორანი ამავე დროს იაპონიის საუკეთესო რესტორნადაა აღიარებული. მიშლენის სამი ვარსკვლავის მფლობელი რესტორანი მომხმარებელს ტრადიციული იაპონური და თანამედროვე სამზარეულოს სინთეზს სთავაზობს, მისი მენიუ კი, სეზონების მიხედვით იცვლება. მართალია, აქ კერძების ფასი 380 დოლარიდან იწყება, თუმცა თუ ათივე მათგანის დაგემოვნება გსურთ, ამისთვის 570 დოლარი უნდა გადადოთ.

რეიტინგში მე-9 პოზიციაზე კი კვლავ ტოკიოში მდებარე რესტორანი Aragawa ხვდება, რომელიც აღიარებული ადგილად, სადაც ყველაზე გემრიელი ძროხის ხორცის სტეიკის დაგემოვნებაა შესაძლებელი. რესტორანში ხორცის კერძები უნიკალური მეთოდით მზადდება და მისი აუცილებელი შემადგენელი ნაწილი იაპონური სასმელი საკეა. სანამ ხორცის მოყვარულები Aragawa-ში ვიზიტს დაგეგმავთ გაითვალისწინეთ, რომ აქ ერთ ადამიანს ვახშამი 370 დოლარი ჯდება.

და ბოლოს, რეიტინგის ათეულს მალდივებზე მდებარე რესტორანი IThaa Undersea ხურავს, რომელიც მსოფლიოში პირველი წყალქვეშა რესტორანია. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ევროპული სამზარეულოდან 4-კერძიანი ლანჩი ან 6-კერძიანი ვახშამი შეუკვეთონ და ისინი რამდენიმე საუკეთესო ღვინოსთან ერთად მიირთვან. თითოეულ მათგანს კი, ეს ყოველივე დაახლოებით 320 დოლარი დაუჯდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები