მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რთულია, ადგილობრივ ბაზარზე მოიძიო ის მასალა და ხარისხი, რასაც ჩვენ ვეძებთ“ –„თოთსი“

64623fb9435d7
სალომე ხიდურელი
15.05.23 21:00
1053
ქართულ ბაზარზე ბავშვის სამოსის მწარმოებელი ახალი ბრენდი „თოთსი“ გამოჩნდა. როგორც მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი სალომე ბარბაქაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, სამოსის დიზაინზე მუშაობისას, მათი სურვილი თამაშისთვის მოსახერხებელი ტანსაცმლის შექმნა იყო.

„თოთსი“ ბაზარზე სულ რაღაც 2023 წლის მარტიდან გამოჩნდა და პატარა მკვლევრების, ანცი და ონავარი ბავშვების სამოსს ქმნის , რომელიც ბუნებრივი მასალისგან იკერება და თავისუფალი სტილია.

"ჩვენი ბრენდი ეფუძნება ღირებულებას, რომ თამაში ბავშვისთვის აღმოჩენებისა და განვითარების საუკეთესო გზაა. ამიტომაც ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ბავშვებს აღნიშნულ პროცესში და მათთვის მოსახერხებელი ტანისამოსი შევქმნათ“, - ამბობს სალომე ბარბაქაძე.

„თოთსის“ თანადამფუძნებლის განმარტებით, სამოსის შექმნისათვის საჭირო ქსოვილების მოძიება ადგილობრივ ბაზარზე ადვილი არ არის, რის გამოც ნედლეულის ნაწილი უცხოეთიდანაა იმპორტირებული.

„რთულია, ადგილობრივ ბაზარზე მოიძიო ის მასალა და ხარისხი, რასაც ვეძებთ, ასევე ფერები რომელიც ჩვენი სტილისთვის დამახასიათებელია. ამ მხრივ ყოველთვის ვაწყდებით გამოწვევებს. ამიტომაც ვიპოვეთ ასეთი გამოსავალი, რომ საჭირო ნედლეული სხვა ქვეყანაშიც მოგვეძიებინა“, - აღნიშნავს სალომე ბარბაქაძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, ბრენდი ბავშვის ტანსაცმელს სოციალური ქსელების საშუალებით ყიდის, თუმცა, სამომავლოდ საკუთარი შოურუმის გახსნაც იგეგმება.

„გაყიდვები მხოლოდ ონლაინ, სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით გვაქვს, ფასები კი 50-დან 150 ლარამდეა. სულ ცოტა ხანში გვექნება კოლაბორაცია სხვადასხვა სათამაშოების მაღაზიებთან, სხვადასხვა საბავშვო კომპანიებთან. მომავალში კი ვგეგმავთ შოურუმის გახსნას და საერთაშორისო საბავშვო ფესტივალებზე მოხვედრასაც, ისეთზე როგორიცაა Playtime Paris, პიტი ბიმბო “, - ამბობს სალომე ბარბაქაძე.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების სამოსზე მოთხოვნას, „თოთსის“ თანადამფუძნებლის შეფასებით, მზარდი ტენდენცია პროდუქტზე ხელმისაწვდომი ფასების გამო ფიქსირდება.

„ვფიქრობთ ადგილობრივ ბაზარზე დამზადებული სამოსი მშობლებისთვის უფრო ხელმისაწვდომო ფასების გამო გახდა აქტუალური, თუმცა მასიური წარმოება მაინც გამოწვევაა ბევრი კომპანიისთვის. ბაზარი კონკურენტულია, ვინაიდან საქართველოში არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებიც საზღვარგარეთაც კი აქტიურად ყიდიან თავიანთ სამოსს. ჩვენი გეზიც სწორედ ესაა, რომ შევძლოთ მასიური წარმოების დაწყება და ექსპორტზე გატანა“, - ამბობს სალომე ბარბაქაძე.

შეგახსენებთ, რომ "თოთსი" რამდენიმე თვის წინ სამი დამფუძნებლის პირადი, 35 000 ლარიანი ინვესტიციით შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები