ქართული ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია ,,ალალი“ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ექსპორტს აჩერებს. შედეგად კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ღვინეფაძე ამბობს, რომ წლიური ბრუნვა სავარაუდოდ 0,5 მლნ ლარით შემცირდება. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ უკვე იზარალა 150 000 ლარით.
“ოდესის პორტიდან ჩვენი პროდუქციით დატვირთული გემი უკან მობრუნდა. წლევანდელ წელს უკრაინის ბაზარზე ჩავარდნილად ვთვლით. უკრაინის ბაზარი კომპანიის ჯამურ ექსპორტში 25%-ს იკავებდა. იმედს გვაძლევს ის, რომ კომპანია სხვადასხვა ბაზრებზე მათ შორის, ამერიკასა და ევროპაში დივერსიფიცირებულია და ამიტომ, მიუხედავად უკრაინის ბაზარზე დიდი წილისა, კრიზისულ სცენარს არ განვიხილავთ”, - განმარტა “ალალის” დამფუძნებელმა.
“ალალისთვის” გამოწვევაა პროდუქციის გადაზიდვების საკითხიც. ლოგისტიკის გაძვირება ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებიდან მოხდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა ვითარება საბოლოოდ გაართულა და ლოგისტიკა გააძვირა.
“კოვიდის შემდეგ ზოგადად ტრანსპორტირების ხარჯები 50-60%-ით გაზრდილია. მაგალითად, თუ უკრაინის მიმართულებით ტრანსპორტირება 1800$ ღირდა, დღეს უკვე 3000$ გახდა” - განმარტა ღვინეფაძემ.
ის აღნიშნავს იმასაც, რომ კომპანიისთვის შესაფუთი მასალების მთავარი მომწოდებელი უკრაინა იყო. ახლა მოწოდება შეწყდა და კომპანიას ალტერნატიული ბაზრების მოძიება მოუწევს.