რუსეთი, დღეიდან, ხორბლის საექსპორტო გადასახადს 6.4%-ით ამცირებს. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსეთიდან ხორბლის ექსპორტისას ბაჟი 1 ტონაზე 2 922.1 რუბლიდან, 2 735.2 რუბლამდე შემცირდება. რაც შეეხება სხვა მარცვლეულის ექსპორტს ქერის გადასახადი 2 686.7 რუბლიდან 2 430 რუბრალმდე, ხოლო სიმინდის შემთხვევაში 447.5 რუბლიდან, 193.8 რუბლამდე, რაც 2.3-ჯერ შემცირებას გულისხმობს.
საექსპორტო ბაჟის ახალი ტარიფები 29 ნოემბრამდე იმოქმედებს.
უნდა აღინიშნოს, რომ საექსპორტო გადასახადი მარცვლეულის საინდიკაციო ფასიდან დგება, რაც ამ დროისთვის ხორბალზე 312.5 დოლარს შეადგენს (312.3 ერთი კვირით წინ არსებული ფასი); ქერზე 286.7 დოლარია (288.5 დოლარი), სიმინდზე - 233.9 დოლარი (236.4 დოლარი).
ცნობისთვის: 2022 წლის 6 ივლისიდან საექსპორტო ბაჟი რუბლში ანგარიშობენ, რადგან 2022 წლის 30 ივნისს მთავრობამ ბაჟის დოლარიდან რუბლში გადაყვანის განკარგულება გამოსცა.
რუსეთმა მარცვლეულზე საექსპორტო ბაჟი 2021 წლის 2 ივნისს ამოქმედდა. ის ყოველკვირეულად საინდიკაციო ფასებიდან გამომდინარეობს, რომელიც მოსკოვის ბირჟაზე დარეგისტრირებული საექსპორტო ხელშეკრულებების ფასებს ეფუძნება.