რუბლის მკვეთრად გაუფასურების ფონზე, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. დღეს ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი 100 საბაზო პუნქტით, 8.5%-მდე გაიზარდა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ცენტრალურ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის შეცვლის გადაწყვეტილება გასული წლის სექტემბრის შემდეგ არ მიუღია, თუმცა ის ამჟამად იძულებული გახდა ინტერვენცია განეხორციელებინა.
საქმე ისაა, რომ რუბლი მკვეთრად უფასურდება. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება კი ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესს აფერხებს და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება მიზნად. მოგეხსენებათ, ევგენი პრიგოჟინის სამხედრო აჯანყების შემდეგ, რუსეთის ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება დაიწყო.
გასულ კვირას ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 94 რუბლს მიაღწია, რაც ერთწლიანი მაქსიმუმია. გავრცელებული ცნობებით, სავალუტო ჯიხურებში დოლარის კურსი 110 რუბლსაც კი აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუბლი გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში დაფიქსირდა და მაშინ დოლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 135 რუბლს მიაღწია.
საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში რუსული რუბლი 28%-ითაა გაუფასურებული.