მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთისთვის დამატებითი სანქცია ესკალაციას ნიშნავს... მოქალაქეებს ამ რისკის წინაშე ვერ დავაყენებთ - პაპუაშვილი

646b45f997ffd
ინგა მურუსიძე
22.05.23 14:46
429
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება, მათ შორის სავიზო მიმართულებით, არ იგეგმება. როგორ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ნებისმიერი ასეთი ქმედება, რაც არის ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა და სხვა, არის სანქცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ესკალაციაზე მიდის რუსეთთან. ესკალაცია გულისხმობს, რომ ისეთ სპირალში შევდივართ, რომლის შედეგების წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია.

„თავად ოპოზიციამ, საბოლოო ჯამში აღიარა, რომ სანქციების დაწესება საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

ნებისმიერი ასეთი ქმედება, რაც არის ვიზის შემოღება, საზღვრის ჩაკეტვა, ფრენების აკრძალვა და სხვა, არის სანქცია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ესკალაციაზე მიდის რუსეთთან. ესკალაცია გულისხმობს, რომ ისეთ სპირალში შევდივართ, რომლის შედეგების წინასწარი განჭვრეტა შეუძლებელია. შესაბამისად, როდესაც ამის საპირისპიროდ აწესებ სანქციებს, მოსალოდნელია, რომ საპასუხო ზომები, კონტრსანქციები იქნება, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას შეექმნება საფრთხე და ეკონომიკურ კეთილდღეობას.

ყველას შევახსენებ, რომ რუსეთის ჯარი დედაქალაქიდან 30 კმ-ში, დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მთავარი ავტობანიდან 500 მეტრში იმყოფება. ეს არის უდიდესი სამხედრო რისკი, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. გარდა ამისა, იცით, რომ დიდია საფრთხე, რომ რუსეთი ოკუპაციის პოლიტიკიდან გადავიდეს ანექსიის პოლიტიკამდე.

ის, ვინც გვთავაზობს რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას, ასევე ვიზის დაწესებას, საზღვრის ჩაკეტვას, ფრენების აკრძალვას, საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, სინამდვილეში გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ და უნდა შევიდეთ რუსეთთან ესკალაციაში, შესაბამისად, შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში. მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც გვეუბნება, რომ სანქცია უნდა დავაწესოთ რუსეთის მიმართ, არ გვაძლევს არც უსაფრთხოების გარანტიას, არც ეკონომიკური დაცულობის გარანტიას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ნებისმიერი დამატებითი სანქციების დაწესება ესკალაციას ნიშნავს. ამ რისკის წინაშე არ დავაყენებთ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენი მოქალაქეები ამ პოლიტიკას ემხრობიან და იზიარებენ, ეს დადასტურდა როგორც სხვადასხვა გამოკითხვით, ასევე ბოლო შუალედური არჩევნებით, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 2021 წელს“,- დასძინა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები