მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთში გადის ისეთი ღვინო, რომელიც ახალ ბაზრებზე ვერ გაიყიდებოდა“ - გიორგი სამანიშვილი

64b903bf7db1e
ელენე გოგბერაშვილი
21.07.23 01:00
1123
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების ნაწილის ბიზნეს სტრატეგიის ნაწილია, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება შეამციროს ან პირდაპირ უარი თქვას პროდუქციის გასაღების ამ არხზე, ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი მაინც რუსეთი რჩება.

ოფიციალური სტატისტიკით, ღვინის სარეალიზაციო ბაზრებს შორის ტრადიციულად რუსეთი ლიდერობს, რომლის წილიც იანვარ-ივნისის მონაცემებით, მთლიან ექსპორტში 65.1%-მდეა გაზრდილი. წლის პირველ ნახევარში რუსეთის ფედერაციაში 81 მილიონ 806 ათასი დოლარის ღირებულების 29 991 ტონა ღვინო გავიდა. ზრდა ღირებულებაში 41.3%, მოცულობაში კი 39.5%-ს შეადგენს.

მიზეზი, რის გამოც ქართველი ღვინის მწარმოებლები რუსეთის ბაზარს ირჩევენ, ამ ბაზრის სიმარტივე, ხელსაყრელი ლოგისტიკა და ფასია - ამბობს რედაქტ2-თან ინტერვიუში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, მეღვინეობის ექსპერტი გიორგი სამანიშვილი.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხარისხს განსაზღვრავს ბაზარი, სადაც იყიდება შენი პროდუქტი. სანამ ჩვენ ვყიდით ძირითადად ამ მიმართულებით [რუსეთში], [მე არ ვამბობ, რომ იქ არ უნდა გავყიდოთ, მაგრამ] ეს ნიშნავს, რომ 70% ჩვენი წარმოების არის იმ ხარისხის, რომელიც შეიძლება გაიყიდოს ძალიან იაფად ამ ბაზარზე. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ძალიან ქვემოთ წევს ჩვენს ხარისხს, ქვემოთ წევს ფასებს. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ ეს არ გვინდა.

მახსოვს 5-6 წლის გვქონდა ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომ გვინდოდა ჩვენი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი გაზრდილიყო. მაშინ იყო 4 დოლარამდე ასული, დღეს პირიქით არის ტენდენცია და ეს სწორედ რუსეთის ბაზრიდან გამომდინარეა“,-აცხადებს სამანიშვილი.

კითხვაზე, რა ხიბლი აქვს რუსეთის ბაზარს ქართველი მწარმოებლებისთვის, ის ასე გვპასუხობს:

„ეს არის ადვილი ბაზარი, სადაც ქართულ ღვინოს იცნობენ, აფასებენ და არ სჭირდებათ დამატებითი მარკეტინგული ხარჯი, თუმცა ეს არის ბაზარი, სადაც პრივილეგირებულ მდგომარეობაშია ქართული ღვინო. საქართველოს, სამწუხაროდ, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის პერიოდში აქვს სრული თავისუფლება, სადაც უნდა იქ გაყიდოს. ერთადერთი არის ფასის პრობლემა. იმპორტიორები ძალიან დიდ წნეხს ახორციელებენ ჩვენს მწარმოებლებზე, რომ ფასები ქვემოთ ჩამოვიდეს, ანუ ბაზარი არის ადვილი, თუ ფასში ჩაეტევა მწარმოებელი, ძალიან ადვილად ყიდის, რომ არ სჭირდება ზედმეტი რესურსის დახარჯვა.

ისიც უნდა ვთქვათ, რაზეც არ საუბრობენ, რომ ძალიან ბევრი მსხვილი კომპანიის მფლობელი, რუსეთის მოქალაქე, შეიძლება ყოფილი ქართველი, მაგრამ იქაური ბიზნესმენები არიან და ესეც ძალიან ეხმარება, რომ ეს მიმართულება იყოს პრიორიტეტული ამ კომპანიებისთვის“.

რაც შეეხება ხარისხს, გიორგი სამანიშვილი, უშინაარსოს უწოდებს ღვინოების უმეტესობას, რომელიც საქართველოდან რუსეთში გადის.

„რუსეთში ცუდი ღვინო გადისთქო ვერ ვიტყვით, მაგრამ გადის ისეთი ღვინო, რომელიც ახალ ბაზრებზე არ გაიყიდებოდა, ვერ გაიყიდებოდა, რადგან ასეთი უშინაარსო ღვინოები.... ყველაზე რა თქმა უნდა არ ვამბობ, მაგრამ ძალიან ბევრ ღვინოს ვსინჯავ, ვნახულობ, რომლებიც უბრალოდ მხოლოდ წითელი და თეთრია, მეტი არაფერი. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ღვინოს შეიძლება დაემართოს, რადგან თუ ხასიათი არ აქვს ღვინოს, მაშინ ის უნდა ღირდეს დოლარი და 20 ცენტი“,-აცხადებს სამანიშვილი რედაქტ2-თან ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები