რუსეთში „კნოპკებიანი“ ტელეფონები დაბრუნდა. რუსული სააგენტო RBC წერს, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთში ღილაკებიანი ტელეფონების იმპორტი 43%-ით გაიზარდა და 3.5 მლნ ერთეულს მიაღწია, რაც 2017 წლის მაჩვენებლის ტოლია.
ანალიტიკური ცენტრის GS Group -ის მონაცემებით, ამავე პერიოდში სმარტფონების იმპორტი 14%-ით, 6.8 მლნ მოწყობილობამდე დაეცა. მთლიანობაში იანვარ- მარტში რუსეთში 10.3 მლნ ტელეფონის და სმარტფონის იმპორტი განხორციელდა. ბაზრის მოცულობა კი, ტელეფონების 10%-იანი გაძვირების გამო, გაიზარდა და 197 მლრდ რუბლი შეადგინა.
ანგარიშით ირკვევა, რომ პირველ კვარტლაში ღილაკებიანი ტელეფონების იმპორტის უდიდესი წილი სამ რუსულ ბრენდზე მოდიოდა - Inoi -ზე, F+ -სა და BQ -ზე.
შეგახსენებთ, უკრაინაში შეჭრის გამო სმარტფონების მწარმოებელმა საერთაშორისო ბრენდების ნაწილმა რუსეთისთვის ტელეფონების მიწოდება შეაჩერა. მათ შორის Apple -მა და Samsung-მა. ლოგისტიკის პრობლემებისა და ფასების გამო, მარტში 2-ჯერ შემცირდა ჩინური Xiaomi -ს Huawei -სა და Oppo-ს მიწოდებაც.
დღეისათვის რუსეთს პარალელური იმპორტი აქვს დაშვებული, რაც საშუალებას იძლევა მესამე ქვეყნებიდან იმპორტირებული საქონლის მიმწოდებლებმა პროდუქცია სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე გაყიდონ.