მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში მანამ არ დავბრუნდებით, სანამ ომი არ მორჩება - "თბილღვინო"

63ce62045ec85
გიგა ბენია
23.01.23 21:39
722
„რუსეთში მანამ არ დავბრუნდებით, სანამ ომი არ მორჩება“,-ამის შესახებ bm.ge-ს „თბილღვინოში“ განუცხადეს. კომპანიის დირექტორის, ზურაბ მარგველაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთში ღვინის გაყიდვა რეპუტაციული ზიანის მომტანია.

„რუსეთში წელს ისედაც 20-21%-ზე მეტი არ უნდა გაგვეყიდა, წლებია ამ ქვეყანაში პროდუქციის მცირე ნაწილი გაგვაქვს. ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან ბევრი შეკვეთა წამოვიდა, მაგრამ არ გვინდოდა, რომ შემდეგ რაიმე სახის პრობლემა შეგვქმნოდა და გაყიდვები შევაჩერეთ", - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.

„თბილღვინოს“ დირექტორი ყურადღებას ამახვილებს ბაზრების დივერსიფიცირებაზეც. ზურაბ მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ ერთ ბაზარზე დამოკიდებულება, განსაკუთრებით კი რუსეთზე, საშიშია. მისი თქმით, კერძო სექტორი სწორებას ისეთ ქვეყნებზე უნდა აკეთებდეს, სადაც მაღალი ეკონომიკური ზრდა, სტაბილურობა და დიდი მოთხოვნაა.

„ყველა ბიზნესი თავად წყვეტს, სად რა გაყიდოს, მაგრამ ჩვენი მაგალითით რომ ვისაუბროთ, ამ კომფორტის ზონიდან [რუსეთის ბაზარი] რომ არ გამოვსულიყავით, ყოველთვის რუსეთზე მაღალდამოკიდებული ვიქნებოდით. რუსეთი არ არის საიმედო ქვეყანა, თუნდაც შარშანდელი მაგალითი და 2006 წლის ემბარგო გავიხსენოთ. ჩვენ უკვე ვიწვნიეთ ზარალი და ამის გამეორება აღარ გვინდა“,-აცხადებს ზურაბ მარგველაშვილი

ამასთან, როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, ბაზრების დივერსიფიცირებისთვის, მნიშვნელოვანია უცხოურ ბაზრებზე მეტი კომუნიკაცია და ბევრი მუშაობა.

ცნობისთვის, საქართველომ გასულ წელს 252 მილიონი დოლარის ღვინო გაყიდა. ღვინის ექსპორტში, თითქმის 64% რუსეთზე მოდის. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები