მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

‘’რუსეთთან კონტრაქტი გვაქვს 2,000 ტონა მანდარინზე, მაგრამ მოსავლის დაბალი ხარისხი პრობლემაა"

638df9430bf72
თინათინ ნატმელაძე
10.12.22 14:10
863
2 დეკემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოში, ‘’ქართული მანდარინი’’, იმყოფებოდნენ, სადაც საწარმო პროცესს გაეცნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საწარმო 24 საათის განმავლობაში 250 ტონა ციტრუსის ჩაბარებას შეძლებს.

BM.GE ‘’ქართული მანდარინის’’ წარმოების პროცესით დაინტერესდა და კომპანიის დირექტორს, გიორგი ბურჭულაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ უხარისხო ნედლეულის გამო, ამ ეტაპზე პროდუქცია არ მიუღიათ და არის ვარაუდი, რომ მიმდინარე სეზონზე საერთოდ ვერ მიიღებენ.

‘’ამ ეტაპზე მანდარინი არ მიგვიღია, იქედან გამომდინარე, რომ უხარისხო ნედლეულია, შესაძლოა, რომ საერთოდ ვერ მივიღოთ. მოლოდინი დიდი გვქონდა, საკმაოდ ბევრის გადამუშავებას ვგეგმავდით, თუმცა, ამჟამად ასეთი მდგომარეობაა.’’ - აცხადებს გიორგი ბურჭულაძე BM.GE-სთან.

კითხვაზე, თუ სად იგეგმება ‘’ქართული მანდარინის’’ პროდუქციის რეალიზება, ბურჭულაძე გვპასუხობს, რომ კონტრაქტი რუსეთთან აქვთ და გასულ წლებშიც მათი ძირითადი საექსპორტო არეალი რუსეთი იყო.

‘’რუსეთთან გვაქვს კონტრაქტი 2 000 ტონაზე, წინა წლებშიც ძირითადად რუსეთში გაგვქონდა, წლიურად 1 000 – 2 000 ტონა, მაგრამ უხარისხო პროდუქციას არ მიიღებენ, ამიტომ, სავარაუდოდ, ამის შეჩერებაც მოგვიწევს. თუმცა, ინტერესი დიდია, რადგან ქართული მანდარინის მიმართ ძალიან დიდი მოთხოვნაა.’’ - განმარტავს გიორგი ბურჭულაძე.

რაც შეეხება იმ მიზეზებს, რამაც ქართული მანდარინის ხარისხის გაფუჭება გამოიწვია, ბურჭულაძე გვიყვება, რომ ეს ფერმების მიტოვებამ და მოვლის ტექნიკის არ ცოდნამ გამოიწვია.

‘’გლეხები კვალიფიციურები არ არიან, არ იციან რა რაოდენობით წამალია საჭირო, მიტოვებულია ფერმები და ასე ვიღებთ უხარისხო პროდუქციას, რაც ჩემი აზრით, აჭარაში ციტრუსის გადაშენებას გამოიწვევს.’’ - აცხადებს ‘’ქართული მანდარინის’’ დირექტორი.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მანდარინის წლევანდელი საფასური დაახლოებით 1 ლარია, რაც ბურჭულაძის ცნობით, წინა წლებთან შედარებით მომატებული თანხაა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და წარმოების დროს 50-მდე ადგილობრივს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები