მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება, ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტი – რას მოგვიტანს კაბელი შავი ზღვის ფსკერზე?

6263ab1ff0c5a
სალომე მეცხვარიშვილი
23.04.22 11:21
2024
შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელი უნდა ამოქმედდეს. ეს იქნება საქართველოს ევროკავშირთან დამაკავშირებელი ხაზი, რომლის განხორციელებამდე ჯერ კვლევა უნდა ჩატარდეს. კვლევა სახელმწიფო ელექტროსისტემის დაკვეთით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება. პროექტის განხორციელების შემთხვევაში 1,195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს უნდა დაუკავშირდეს. მსოფლიო ბანკის ვებგვერდის თანახმად, პროექტის შესახებ წინასწარი შეფასება უკვე ჩატარებულია, რომლის მიხედვითაც, მსგავსი ურთიერთკავშირის არსებობა როგორც რუმინეთის, ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემასა და ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

“განახლებადი ენერგიების ასოციაციის“ თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ახალი კაბელით საქართველოს არამხოლოდ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება, არამედ ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობაც ეხსნება.

“შარშან, 2021 წელს, ელექტროენერგიის იმპორტის რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ - 2 მლრდ კვტ/სთ შემოვიტანეთ. დაგეგმილია, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება და წელს 2.4 მლრდ კილოვატის იმპორტი დაგვჭირდება. შარშან 70 მლნ დოლარი დაიხარჯა იმპორტში, წელს ეს რიცხვი ბევრად მაღალი იქნება. რადგან გარდა რაოდენობისა, მეორე საკითხია იმპორტის ფასი, რომელიც თითქმის გაორმაგდა.

თუ პროგნოზებს დავეყრდნობით, 2030 წლისთვის ჩვენი იმპორტი კიდევ გაიზრდება და ყოველ წელს 600 მლნ დოლარზე მეტს გადავიხდით იმპორტირებულ ელექტროენერგიაში. რეალურად შეიძლება ბევრად მაღალი იყოს რიცხვი, რადგან თანხა ნაანგარიშევია შარშანდელ ფასებში.

ყველაფერთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2021 წელს ელექტროენერგიის იმპორტის 60% იყო ოკუპანტი მეზობლისგან. სწორედ ამის გამო ძალიან მნიშვნელოვანია, გავაკეთოთ იმპორტის წყაროების დივერსიფიკაცია - აღარ ვიყოთ ამდენად დამოკიდებულები ოკუპანტ მეზობელზე და ისეთი ქვეყნებიდან განვახორციელოთ იმპორტი, როგორიც ევროპაა, სადაც საბაზრო ეკონომიკის პრინციპები მუშაობს და პოლიტიკური მდგენელი საერთოდ არ არსებობს. რადგან კარგად ვხედავთ, როგორ იყენებს პოლიტიკურ ბერკეტად რუსეთი ენერგო მატარებლებს”,- აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.

კითხვაზე, გააძვირებს თუ არა ელექტროენერგიას ევროპიდან შემოსული ელექტროენერგია, რამდენადაც დღეს საქართველოსთვის დენის ყველაზე იაფი მიმწოდებელი რუსეთია, “განახლებადი ენერგიების ასოციაციის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ სავარაუდოდ, ქვეყანას უფრო მაღალ ფასად მოუწევს ელექტროენერგიის იმპორტი, თუმცა ეს სტრატეგიულ საკითხია და ამაში “ყველანარი ფასის გადახდა ღირს”

“დღეს ჩვენი ჰიდრორესურსების მხოლოდ 20% გვაქვს ათვისებული და კიდევ ბევრად ნაკლებად არის მზისა და ქარის რესურსები. მოდი ვიმსჯელოთ: 2030 წელს ჩვენი მოხმარება იქნება 20 მლრდ კვტ/სთ-ის ფარგლებში. თუ რესურსებს სრულად ავითვისებთ, ენერგიის წარმოების პოტენციალი არის დაახლოებით 50 მლრდ. შესაბამისად, დარჩენილი - 30 მლრდ კვტ/სთ-ის ექსპორტი შეგვიძლია გავაკეთოთ და ეს სერიოზული საექსპორტო პოტენციალია”,- აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.

მისი თქმით, ყველაფერთან ერთად საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელსაც ევროპასთან ფიზიკური კავშირი არ აქვს, რაც საფრთხისშემცველია.

“ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პირობებში ეს ძალიან საშიში შეილება იყოს: ბაზარი ლიბერალური გვაქვს, იმპორტიორები ჩვეულებრივი მოთამაშეები ხდებიან, ამ დროს რუსეთმა შეიძლება დემპიგური ფასით ჩვენი ბაზარი დაანგრიოს”,- ამბობს გიორგი აბრამიშვილი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები