მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„[რუსეთზე ფსონის დადება] საკუთარ მკლავში გასროლას ჰგავს“ – აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე

6433f43a2f6ab
ელენე კვანჭილაშვილი
10.04.23 23:00
447
„რუსი მიგრანტების ნაკადმა – 100 ათასზე მეტი მუშახელი შემოვიდა საქართველოში – ცხადია, გავლენა იქონია ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელზე. მაგრამ ამასთან ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს საკუთარ მკლავში გასროლას ჰგავს“ – ასე უპასუხა აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ, საგარეო ვაჭრობის გენერალურმა დირექტორმა არუნ ვენკატარამანმა „ანალიტიკა“–ს წამყვანისა და ავტორის – ელენე კვანჭილაშვილის კითხვას – რუსეთ–უკრაინის ომის კონტექსტში, სწორი იყო თუ არა საქართველოს მთავრობის გათვლა, რომ ფსონი ეკონომიკურ ზრდაზე დაედო და კარი ფართოდ გაეღო რუსი მიგრანტებისთვის და რუსული ფულისთვის.

არუნ ვენკატარამანს მიაჩნია, რომ გრძელ ვადაში ამ ფაქტორებზე გათვლების დაფუძნება შეუძლებელი იქნება და მომავალში, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას გაცილებით მეტი შრომა და ძალისხმევა დასჭირდება.

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკვე აღნიშნავენ, რომ მომავალ წელს ერთნიშნა ზრდის მოლოდინი უნდა გვქონდეს. ამ სიტუაციის გამოყენება შეიძლება, მაგრამ მხოლოდ როგორც ერთი ნაბიჯის და შემდეგ ამას უნდა დაემატოს გაცილებით მეტი შრომა და ძალისხმევა იმისთვის, რომ მომავალშიც მაღალი ეკონომიკური ზრდა შეინარჩუნოთ“ – აღნიშნა აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ.
არუნ ვენკატარამანის თქმით, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და საქართველომ ყველაზე უკეთ იცის რუსეთზე დამოკიდებულების ფასი.

„რეგიონის მასშტაბით, მათ შორის, საქართველოსაც კარგად ესმის დივერსიფიცირების და გლობალურ ეკონომიკაში – ამერიკისა და ევროკავშირის ეკონომიკაში ინტეგრირების მნიშვნელობა – აღნიშნა არუნ ვენკატარამანმა „ანალიტიკა“–სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში – ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ასპირაციებს და საქართველოს მთავრობას, რომ ქვეყნისთვის უფრო ძლიერი ეკონომიკური უსაფრთხოების გარემო შექმნას, შეამციროს საქართველოს დამოკიდებულება ნებისმიერ ერთ სავაჭრო პარტნიორზე და ამით უზრუნველყოს გრძელვადიანი და კეთილდღეობით აღსავსე მომავალი“.

ვიზიტის ფარგლებში ვენკატარამანი შეხვდა ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს, საქართველოს შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, გაესაუბრა SABIT-ის კურსდამთავრებულებს, დაესწრო SelectUSA ბიზნეს იდეების კონკურსს და შეხვდა ამერიკის სავაჭრო პალატას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები