რუსეთი არ შეეგუება რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესებას და შესაბამის პასუხს ამზადებს. ამის შესახებ კრემლში განაცხადეს. პუტინის ადმინისტრაციის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი ემზადებოდა დიდი შვიდეულის ქვეყნების, ევროკავშირის და ავსტრალიის გადაწყვეტილებისთვის, რომლის მიხედვითაც, რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტი დაწესდა.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსეთი ამ გადაწყვეტილების სწრაფ ანალიზს აკეთებს და მას შესაბამისად უპასუხებს. რუსეთის საელჩომ აშშ-ში კი განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების ეს ნაბიჯი „საშიშია“ და მოსკოვი ნავთობის მყიდველებს მაინც იპოვის.
ცნობისთვის, ევროკავშირის სახელმწიფოები რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესებაზე გუშინ საბოლოოდ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებების შედეგად, ბარელ რუსულ ნავთობზე ზედა ჭერი 60 დოლარით განისაზღვრა. როგორც აშშ-ის ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი აცხადებს, რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესება „დაუყოვნებლივ შეაფერხებს პუტინის შემოსავლის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს“.
თუმცა, აღსანიშნია, რომ საერთაშორისო ბირჟაზე ბარელი Urals-ის ღირებულება ჯერჯერობით დაახლოებით 67 დოლარს შეადგენს, შესაბამისად, ევროკავშირის მიერ დაწესებულ ლიმიტს რთულია მკაცრი ან ეფექტიანი ვუწოდოთ, რადგან ის ზედმეტად ახლოსაა საბაზრო ფასთან და რუსეთის მთავრობას აძლევს იმის საშუალებას, რომ ბუნებრივი რესურსების რეალიზაციით საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც შეუფერხებლად მიიღოს.
EU-ს წარმომადგენლობის განმარტებით, ფასის ლიმიტი პერიოდულად გადაიხედება და ბაზრის დინამიკასთან შესაბამისად შეიცვლება, თუმცა კანონპროექტში გაწერილია, რომ რუსული ნავთობის ფასის ლიმიტი საშუალო საბაზრო ფასზე მინიმუმ 5%-ით ნაკლები მაინც უნდა იყოს.