მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ФСБ-ს საფრთხის გამო, ესტონეთში Yandex Taxi-ს აკრძალვას განიხილავენ

6244a413ecd42
გიორგი თოლორდავა
30.03.22 22:39
1148
ესტონეთის მეწარმეობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა, ანდრეს სუტმა ქვეყანაში Yandex Go-ს და ტაქსის სერვისების აკრძალვის ინიციატივა წარადგინა.

მინისტრის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ კანონპროექტთან, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, ტაქსის მძღოლები და სატრანსპორტო სერვისების პროვაიდერები ვალდებულნი გახდებიან - ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (ФСБ) გაუზიარონ ინფორმაცია მგზავრებისა და მარშრუტების შესახებ.

გარდა ამისა, რუსეთის რეგიონული სანავიგაციო და საინფორმაციო სისტემა პირდაპირ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას ტაქსის ადგილმდებარეობის და მისი გადაადგილების შესახებ.

ანდრეს სუტის განმარტებით, რუსული კომპანიები, მათ შორის Yandex, იძულებულნი იქნებიან, რომ მგზავრების შესახებ ინფორმაცია ФСБ-ს გაუზიარონ, რაც, თავის მხრივ, ესტონეთის უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენს.

„რუსეთის სპეცსამსახურებმა და ხელისუფლებამ, შესაძლოა, ბოროტად ისარგებლონ Yandex-ის მონაცემებთან წვდომით“, - განაცხადა სუტმა.

გარდა საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროსა, კომპანია Yandex-ის შესახებ გაფრთხილებას იძლევიან ესტონეთის უსაფრთხოების სამსახური და მონაცემთა დაცვის ინსპექცია.

აღსანიშნავია, რომ Yandex რუსეთში დაფუძნებული უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ტაქსის სერვისების გარდა, Google-ის კონკურენტ საძიებო სისტემას, ელექტრონულ ფოსტას, სავაჭრო პლატფორმას და მობილურ აპლიკაციებს ფლობს. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 6.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები