საქსტატის მონაცემებით, მარტში საქართველოში 9,114 კომპანია დარეგისტრირდა, რაც წინა წელთან შედარებით 72%-ით მეტია. ამ რაოდენობის ფირმები ქვეყანაში პანდემიამდეც არ რეგისტრირდებოდა. მაგალითად, 2019 წლის მარტში სულ 4,620 ახალი სუბიექტი დარეგისტრირდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, BMG-იმ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში იუსტიციის სამინისტროსგან გამოითხოვა დეტალური სტატისტიკა, თუ რა იყო რაოდენობრივად უცხოელების, მათ შორის რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთა მიერ რეგისტრირებული ახალი კომპანიების რიცხვი, თუმცა სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის მოწოდების ვადები დაარღვია და ეს სტატისტიკა ამ დრომდე არ მოგვაწოდა.
პარალელურად, BMG შეეცადა იანვარ-მარტში საქართველოში დაფუძნებული რუსული, ბელარუსული და უკრაინული კომპანიების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან მიეღო. თავად საქსტატიც ამ მონაცემებს საჯარო რეესტრისგან იღებს. კითხვაზე პასუხი BMG-იმ სწორედ საქსტატისგან მიიღო, მაგრამ - არასრული. საქმე ის არის, რომ საჯარო რეესტრმა მარტში, დიდი ალბათობით დაარეგისტრირა ათობით თუ ასობით რუსი ინდმეწარმეც, თუმცა საქსტატი ამ მონაცემებს, ჯერჯერობით, არ ფლობს. ასევე არაა წარმოდგენილი უცხოელთა მიერ დაფუძნებული სააქციო საზოგადოებების რაოდენობაც.
საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წლის მარტში საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობით 147 კომპანია დარეგისტრირდა, მთლიანად პირველ კვარტალში კი 191 რუსული ბიზნესი. BMG-იმ გამოითხოვა ანალოგიური სტატისტიკა 2021; 2020 და 2019 წლებისთვისაც. მისი მიხედვით, პანდემიურ 2020 და 2021 წლებში პირველ კვარტალში ორჯერ ნაკლები რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ხოლო 2019 წლის l კვარტალში კი 222 კომპანია, რაც წლევანდელთან შედარებით 16%-ით მეტია.
პირველ კვარტალში საქართველოში ბელარუსის მოქალაქეებმა 77 კომპანია დააფუძნეს, შედარებისთვის 2021 წელს ეს 2 იყო, 2020-ში კი 5 კომპანია.
უკრაინის მოქალაქეებმა პირველ კვარტალში 40 ფირმა დააფუძნეს, წლიურად ეს რაოდენობა 4 კომპანიით არის გაზრდილი.
საქართველოში 2022 წელს დაფუძნებული რუსული, ბელარუსული და უკრაინული კომპანიების ჩამონათვალი: