მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ნავთობი ერთ თვეში 20%-ით გაძვირდა

6439066ae2b0e
გიორგი თოლორდავა
14.04.23 12:25
625
კვირის განმავლობაში საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ამჟამად Brent-ის ფასი 86 დოლარს აღწევს; WTI Crude-ის ღირებულება კი 83 დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ღირებულება ბირჟაზე 67 დოლარს შეადგენს, რაც 7 დოლარით აღემატება ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების მიერ დაწესებულ საფასო ლიმიტს. ერთთვიან ჭრილში რუსული ნავთობის ფასი ბირჟაზე თითქმის 20%-ითაა გაზრდილი, რაც პირდაპირ კავშირშია OPEC-ის მიერ ნავთობის მიწოდების მკვეთრ შემცირებასთან.

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციამ ნავთობის ყოველდღიური წარმოება 1.16 მილიონი ბარელით შეამცირა, რაც OPEC-ის პოლიტიკური დამოკიდებულების ცვლილებაზე მიუთითებს. საერთო ჯამში, OPEC-ის მიწოდება 3.6 მილიონ ბარელამდე დაეცემა, რაც გლობალური მოთხოვნის მხოლოდ 3.7%-ის დასაკმაყოფილებლადაა საკმარისი. მოგეხსენებათ, ენერგეტიკული ბირჟა მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით მუშაობს, OPEC-ის მიერ წარმოების შეზღუდვა კი ბირჟაზე ნავთობის გაძვირებას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ჩინეთში ეკონომიკური აქტივობის აღდგენის ფაქტორიც. აზიური სახელმწიფო მსოფლიოს უმსხვილესი ენერგომომხმარებელია, რუსეთი კი - მისი მთავარი მიმწოდებელი. ჩინეთში საწვავსა და ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა პირდაპირ უწყობს ხელს რუსული ნავთობის გაძვირებას.

აგრეთვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დასავლურ სამყაროში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ციკლი დასასრულს უახლოვდება და სწორედ ამ ზაფხულის დასაწყისიდან, შესაძლოა, აშშ-ის ფედერალური რეზერვი პოლიტიკის შენარჩუნებაზე გადაერთოს, რაც აგრეთვე დადებითად აისახება ენერგორესურსების ფასებზე.

რაც შეეხება ბუნებრივ აირის, ევროპული ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ღირებულება მეგავატ-საათზე 42 დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ერთწლიან პერიოდში გაზის ფასი ბირჟაზე საშუალოდ 50%-ითაა შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები