მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ნავთობი მკვეთრად გაიაფდა

63b68c0d31578
გიორგი თოლორდავა
05.01.23 12:47
2496
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე რუსული ნავთობის ღირებულების შემცირების მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება. კერძოდ, გასულ 24 საათში ბარელი Urals-ის ტიპის ნავთობის ფასი 10%-ით დაეცა და ამჟამად რუსული ნავთობის ბენჩმარკის ღირებულება 50 დოლარს შეადგენს, რაც ორწლიანი მინიმუმია.

ერთთვიან ჭრილში Urals-ის ფასი 19%-ითაა შემცირებული, ერთწლიან ჭრილში კი ვარდნის მაჩვენებელი 36%-ს აღწევს.

შედარებისთვის, ენერგეტიკულ ბირჟაზე ამჟამად ბარელი Brent-ის მარკის ნავთობი 78 დოლარად ივაჭრება, WTI Crude-ის ღირებულება კი 74 დოლარს აღწევს.

ბარელ Brent-სა და Urals-ს შორის დაფიქსირებული 28-დოლარიანი სხვაობა საერთაშორისო სანქციებითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, გასული წლის 5 დეკემბერს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსულ ნავთობზე ემბარგო დააწესეს; დიდმა შვიდეულმა 60-დოლარიანი ფასის ლიმიტი აამოქმედა; ხოლო აშშ-მა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და ავსტრალიამ რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალეს.

ზემოხსენებული სანქციების ამოქმედების გამო, რუსეთმა დასავლური ბაზარი თითქმის სრულად დაკარგა, Urals-ის მთავარი მომხმარებლები კი აზიური სახელმწიფოები გახდნენ, კერძოდ, ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი.

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა მზად არის ახალ სავაჭრო პარტნიორებს ნავთობი 60-დოლარიან ზღვარზე იაფადაც მიაწოდოს, რის ასახვასაც ამჟამად ბირჟაზეც მკაფიოდ ვხედავთ.

ბოლო 24 საათში დაფიქსირებული ვარდნის ტენდენცია, უმეტესწილად, მსოფლიოს წამყვანი საფინანსო და საინვესტიციო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული პროგნოზებითაა განპირობებული. JPMorgan-ის, Goldman Sachs-ისა და Deutsche Bank-ის ანალიტიკოსები 2023 წელს მსოფლიოში რეცესიის განვითარებას პროგნოზირებენ, რომელიც მინიმუმ ორი კვარტლის განმავლობაში გაგრძელდება.

ზოგადად, რეცესია ეკონომიკური აქტივობისა და მობილობის შემცირებას იწვევს, რაც, თავის მხრივ, საწვავზე მოთხოვნის შემცირებას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია აზიის მასშტაბით კოვიდინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფაქტორიც, რასაც აგრეთვე ნეგატიური გავლენა აქვს ენერგეტიკულ ბირჟაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები