მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსულმა ნავთობმა 60-დოლარიან ლიმიტს გადააჭარბა | ენერგორესურსები მკვეთრად ძვირდება

642bd4df12afc
გიორგი თოლორდავა
04.04.23 12:03
733
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის უაღრესად მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ერთ დღეში ბარელი Brent-ის და WTI-ს და Urals-ის ფასები საშუალოდ 10%-ით გაიზარდა.

ამჟამად Brent-ის ფასი 86 დოლარს აღწევს; WTI Crude-ის ღირებულება კი 82 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ღირებულება ბირჟაზე 65 დოლარს შეადგენს, რაც 5 დოლარით აღემატება ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების მიერ დაწესებულ საფასო ლიმიტს.

ერთკვირიან ჭრილში რუსული ნავთობის ფასი ბირჟაზე თითქმის 25%-ითაა გაზრდილი, რაც პირდაპირ კავშირშია OPEC-ის მიერ ნავთობის მიწოდების მკვეთრ შემცირებასთან.

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციამ ნავთობის ყოველდღიური წარმოება 1.16 მილიონი ბარელით შეამცირა, რაც OPEC-ის პოლიტიკური დამოკიდებულების ცვლილებაზე მიუთითებს. საერთო ჯამში, OPEC-ის მიწოდება 3.6 მილიონ ბარელამდე დაეცემა, რაც გლობალური მოთხოვნის მხოლოდ 3.7%-ის დასაკმაყოფილებლადაა საკმარისი.

მოგეხსენებათ, ენერგეტიკული ბირჟა მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით მუშაობს, OPEC-ის მიერ წარმოების შეზღუდვა კი ბირჟაზე ნავთობის გაძვირებას უწყობს ხელს

OPEC-ის წარმომადგენლობის განმარტებით, მიწოდების შემცირების მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა და რეცესიის რისკებია, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ნავთობის მოთხოვნაზე.

რეალურად, საქმე გაცილებით რთულადაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. OPEC-ის წევრ სახელმწიფოთა შორისაა რუსეთის ფედერაცია, თავად ორგანიზაციის ლიდერი კი საუდის არაბეთია, რომელიც მოსკოვის მიმართ განსაკუთრებული სენტიმენტებით გამოირჩევა. OPEC-ის პოლიტიკა პირდაპირ თანხვედრაშია რუსეთის ინტერესებთან, რომელსაც ბირჟაზე ენერგორესურსების ხელოვნურად გაძვირება და ამით დასავლეთზე ინფლაციური წნეხის გაზრდა სურს.

თეთრი სახლის განცხადებით, OPEC-ი პირდაპირ იცავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს და ხელოვნურად ცდილობს ბირჟაზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.

ზოგადად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებით ყველაზე დიდ სარგებელს სწორედ OPEC-ის წევრი სახელმწიფოები იღებენ, შესაბამისად, მიწოდების გაზრდა და ფასების შემცირება მათ ინტერესებში არ შედის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელი ფაქტორია რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური გავლენა აღნიშნული ორგანიზაციის დღის წესრიგზე. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და საუდის არაბეთის პრინცი, მუჰამედ ბინ სალმანი ახლო მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები არიან. ეს ურთიერთობა კი ყველაზე მკაფიოდ სწორედ OPEC-ის გადაწყვეტილებებზე აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები