მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუთსის“ პროდუქტი უკვე საბერძნეთსა და აშშ-შიც იყიდება - ახალშექმნილი სტარტაპის გეგმები

61938b59ce707
ვიქტორია მღებრიშვილი
16.11.21 22:39
1178
ხის აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია „რუთსის“ პროდუქცია საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა Etsy-ის მეშვეობით აშშ-ში იყიდება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი შალვა მილორავა BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, კომპანია მიმდინარე წლის მარტში დაფუძნდა და ზუგდიდში, 20 000 ლარის ინვესტიციით ხის ნაკეთობების წარმოება დაიწყო.

„რუთსის“ დამაარსებლის თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ამ სეგმენტში კონკურენცია დიდია, თუმცა ეს სტარტაპ-საწარმოს აძლიერებს და ქვეყანაში რეალიზების გარდა, უცხოურ ბაზრებზე გასვლისკენ უბიძგებს.

„დღეისთვის დაახლოებით 25 დასახელების ნივთს ვაწარმოებთ - ქართული სიმბოლიკის ხის საათები, სააღდგომო ნაკრებები, ღვინის დასადგამები, სხვადასხვა სახის სასაჩუქრე ყუთები, ორგანაიზერები, მანქანის ბრელოკები და ა.შ. დღეისთვის ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებს ძირითადად ფეისბუქ გვერდის საშუალებით ვახორციელებთ და შეკვეთების ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან ვიღებთ და საქართველოს ფოსტის მეშვეობით ვაგზავნით“, - ამბობს შალვა მილორავა და დასძენს, რომ კომპანია კორპორაციულ შეკვეთებსაც იღებს.



ადგილობრივი ბაზრის გარდა ახლად დაფუძნებული კომპანიის პროდუქტის მიმართ ინტერესი ქვეყნებს მიღმა უკვე არსებობს. „რუთსის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ქვევრის საათები და სხვადასხვა აქსესუარები საბერძნეთში გადის. „დღეისთვის საბერძნეთის გარდა პროდუქტის რეალიზებას აშშ-შიც ვახერხებთ. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ პლატფორმა Etsy-ს საშუალებით დღეს პროდუქცია ერთეული რაოდენობით ხდება, მომდევნო წლიდან გვინდა, რომ საექსპორტო მოცულობები გაიზარდოს და მეტი აქცენტი გავაკეთოთ ამ კუთხით“, - აღნიშნავს მილორავა.

აღსანიშნია, რომ მარტში დაფუძნებული ადგილობრივი წარმოების დაკვირვებით, ამოქმედებიდან დღემდე ქვეყანაში სამუშაო ნედლეულის ფასი დაახლოებით 50%-ით არის გაძვირებული, რაც პროდუქტის ღირებულებაზეც მოქმედებს. 

„ახალი წლისთვის ადგილობრივ ბაზარზე შეკვეთები აქტიურდება, ამიტომ ამ პერიოდში ძირითადად ქვეყნის შიგნით რეალიზებაზე ვიქნებით ორიენტირებული, ხოლო მომავალი წლიდან ჩვენი ძალისხმევა საექსპორტო ბაზრების გაფართოებისკენ მიიმართება“, - აღნიშნა შალვა მილორავამ.

გამოწვევების მიუხედავად, კომპანია მოგებაზე გასვლას ორ წელიწადში გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები