Ryanair-მა Shell-თან მდგრადი საავიაციო საწვავის [SAF] ყიდვაზე შეთანხმება გააფორმა. შეთანხმებით ევროპის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია გადაყვანილი მგზავრების მიხედვით საწვავს 2025 წლიდან 2030 წლამდე მიიღებს. ჯამში Shell-მა ავიაკომპანია 360 ათასი ტონა SAF-ით უნდა უზრუნველყოს.
Ryanair-ის მიზანია 2030 წლისთვის ფრენების 12%-ზე მეტი მდგრადი საწვავით უზრუნველყოს. კომპანიის გენერალური დირექტორი მაიკლ ო’ლირის თქმით, რთულია იმის ზუსტად თქმა, მიაღწევენ თუ არა დასახულ მიზანს, თუმცა დარწმუნებულია, რომ Shell-თან გაფორმებული მემორანდუმი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. მსგავსი ხელშეკრულება Ryanair-ს გაფორმებული აქვს ფინურ ბიოსაწვავის მწარმოებელ Neste-თან. მდგრადი საავიაციო საწვავი დაახლოებით 70%-ით ნაკლებ ნახშირბადს წიაღისეულ საწვავთან შედარებით. Ryanair დღიურად საშუალოდ 3 ათას ფრენას ასრულებს და წელს გეგმავს რეკორდული რაოდენობის 168 მლნ მგზავრი გადაიყვანოს.
9 თვის მონაცემებით, ევროპაში შესრულებული რეისებით Ryanair ლიდერობს. ის იანვარ-სექტემბერში დღიურად საშუალოდ 2 854 ფრენას ასრულებდა, რაც 9%-ით აღემატება პანდემიამდე ნიშნულს. მეორე ადგილზეა easyJet დღიურად საშუალოდ 1 367 შესრულებული ფრენით, რაც 2019 წელთან შედარებით 21%-ით ნაკლებია. მესამე ადგილს თურქეთის ეროვნული ავიაკომპანია Turkish Airlines იკავებს, რომელიც 9 თვეში საშუალოდ 1 253 ფრენას ასრულებდა, ეს მაჩვენებელი პანდემიამდელი მაჩვენებლის 8%-ით ნაკლებია.