"ფორმულას" დამფუძნებლის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 060 000 ევრო დააკისრა.
მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა ალექსანდრე ნინუას სააპელაციო საჩივარი. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.
დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა.
პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP-ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვა იმ საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე კვირით ადრე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ამით შეცვალა წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.
მანამდე, ჯერ საქალაქო სასამართლომ, 2017 წელს კი სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილი აღნიშნულ საქმეზე გაამართლა. მაშინ შალვა თადუმაძე პროკურორი იყო. შემდეგ თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა და კეზერაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი შეცვალა.
საქმე შალვა თადუმაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე, არასამთავრობო სექტორის მიერ "კლანის წევრებად" დასახელებულ ორ მოსამართლესთან - ლევან თევზაძესთან და მერაბ გაბინაშვილთან ერთად განიხილა.