ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი“, არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
როგორც bm.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და საბერძნეთის მოქალაქეების ნ.ბ.-სა და ლ.ა-ს როგორც ფიზიკურად ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 202,34 გრამი) გამოვლინდა. ოქროს ნივთების საერთო ღირებულებამ ჯამში, 21 401,97 ლარი შეადგინა.
"კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის, პირველი ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, 3202.97 ლარით დაჯარიმდა, ხოლო საბერძნეთის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
საზღვარზე კანონდარღვევით ოქროს შემოტანის კიდევ 1 ფაქტი აღიკვეთა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო”, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის, გ.პ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 17686.5 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ზოდები (საერთო წონა 100 გრამი) აღმოაჩინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.