"კარგია, თუ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგმევა კურსის დასტაბილურების და გამყარებისკენ", - ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა.
ასოციაციის პრეზიდენტი ეროვნული ბანკის მხრიდან დამატებითი ნაბიჯების მომხრეა.
"ეს გააჩენს იმის მოლოდინს, რომ ეროვნული ბანკი გარკვეულწილად ინტერვენციებს მოახდენს, იმიტომ რომ ეს ერთჯერადი აღარ არის და ერონული ბანკი საჭიროების შემთხვევაში ინტერვენციის სახითაც რეაგირებს, პარალელურად რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, რომელმაც კურსზე ასევე დადებითი რეაქცია უნდა მოახდინოს.
ფაქტია, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ბუფერები და მოლოდინი ლარის კურსთან დაკავშირებით არ შეცვლილა. კარგია თუ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგმევა კურსის დასტაბილურების და გამყარებისკენ. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები, რომ კურსის დევალვაცია ინფლაციაში არ აისახოს, იმიტომ რომ ამისი საფრთხეები უკვე არსებობს", - აღნიშნა ძნელაძემ.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა სავალუტო აუქციონი 40 მლნ დოლარის სრულად ათვისებას, რადგან მაგალითი აგვისტოს დასაწყისში განხორციელებულ ინტერვენციაზე უკვე გვქონდა, როდესაც სავალუტო ბაზარზე 40 მლნ დოლარის ნაცვლად 32 800 000 დოლარი გაიყიდა, ძნელაძე განმარტავს, რომ ზოგადად თანხის სრულად ათვისება კონკრეტულ მოთხოვნაზეა დამოკიდებული.
"ეს თუ ერთჯერადი ინტერვენცია არ იქნება და გარკვეულ ეტაპზე ბაზარს მიეხმარება, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეტაპზე უკვე ლარის დეფიციტს გააჩენს, რასაც რეფინანსირების განაკვეთის ზრდაც შეუწყობს ხელს", - განაცხადა ძნელაძემ.