მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საბას“ ზარალი "ლოქდაუნების" გამო 6 მილიონ ლარამდეა - სავაჭრო ცენტრის დირექტორი

5fe440606f23c
ვიქტორია მღებრიშვილი
25.12.20 10:15
1947
სავაჭრო ცენტრი „საბას“ ზარალი "ლოქდაუნების" გამო დაახლოებით 6 მლნ ლარია - ამის შესახებ „საბას“ მფლობელმა და დირექტორმა პაატა კაჭარავამ „საქმიანი დილის ეთერში განაცხადა.

პაატა კაჭარავამ განმარტა, რომ პირველი ლოქდაუნის პერიოდში მათი მოიჯარეები გადასახადებისგან გათავისუფლებულები იყვნენ. მისივე თქმით, მთლიანი ვაჭრობის 40% სწორედ ნოემბერი -დეკემბერში საახალწლო ვაჭრობაზე მოდის.

კითხვაზე გათავისუფლდებიან თუ არა მეორე „ლოქდაუნის“ პირობებში მოიჯარეები საიჯარო გადასახადისგან, პაატა კაჭარავა პასუხობს, რომ ეს მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„ყველა საიჯარო საიჯარო კომპანია მუშაობს დარიცხვის მეთოდით, წინა ლოქდაუნის პერიოდში მთავრობამ მოგვცა საშუალება, რომ საკასო მეთოდზე გადავსულიყავით ყველა, რამაც მოიჯარეებისთვის შეღავათების გაწევის შესაძლებლობა მოგვცა. თუ იქნება მსგავსი მეთოდი და გადავალთ საკასო მეთოდზე, შესაბამისად, ჩვენც არ გადავახდევინებთ ჩვენს მოიჯარეებს. ახლა ხელშეკრულებისა და დარიცხვის მეთოდის თანახმად ვალდებულები ვართ დავარიცხინოთ იჯარის გადასახადი.

ამასთან, ჩვენ გვაქვს საგადასახადო ვალდებულებები სახელმწიფოსთან - იქნება ეს დღგ-ს თუ ქონების გადასახადი.
ამაზე იყო ეკონომიკის მინისტრთან საუბარი, რომ შეზღუდვების გამო ხელისუფლება ამ ნაწილშიც გარკვეულ შეღავათებზე წამოვიდეს. ახლა მთავრობის გადაწყვეტილებას ველოდებით“, - განმარტა კაჭარავამ.

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრმა „საბა“ ამოქმედების უფლება, სხვა სავაჭრო ცენტრებისგან განსხვავებით 23 დეკემბრის საღამოს მიიღო. როგორც მანამდე „საბას“ დირექტორი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებდა, მისთვის გაუგებარი იყო რა ლოგიკით იხსნებოდნენ სხვა სავაჭრო ცენტრები, „საბა“ კი - არა. გახსნის შესახებ თანხმობა ბიზნეს სუბიექტმა სამთავრობო უწყებებთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღეს.

პაატა კაჭარავას ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრი 24 დეკემბრის დილის 9 საათიდან გაიხსნა, თუმცა მომხმარებლის დიდი ნაკადი არ შეინიშნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები