საპარლამენტო არჩევნების მოახლოების პარალელურად, საბერძნეთის მთავრობა მოსახლეობის წინაშე პირობას დებს, რომ თებერვლიდან მოყოლებული, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტი სასურსათო ხარჯების 10%-ით სუბსიდირებას უზრუნველყოფს.
პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკის განმარტებით, მთავრობის გეგმა მიზნად ისახავს ინფლაციური წნეხის შემსუბუქებას და მოსახლეობისთვის ყოველდღიური სამომხმარებლო ხარჯების შემცირებას.
წინასწარი შეფასებით, სუბსიდირების პროგრამაზე ექვსი თვის განმავლობაში საბერძნეთის ბიუჯეტიდან 690 მილიონი დოლარი დაიხარჯება - აღნიშნული თანხის მოსაზიდად კი მთავრობა ენერგოკომპანიებისთვის გადასახადებს გაზრდის.
პრემიერი პირობას იძლევა, რომ აღნიშნულ ინიციატივას არავითარი კავშირი არ აქვს ზაფხულში დაგეგმილ არჩევნებთან და ის არ არის მორიგი პოპულისტური ნაბიჯი, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები ამ პოზიციას არ იზიარებენ.
სუბსიდირების პროგრამის ზუსტი დეტალები განსაზღვრული ჯერაც არ არის, თუმცა როგორც კანონმდებლები განმარტავენ, 10%-იანი ფასდაკლების პროგრამა სუპერმარკეტებში, მაღაზიებში, ბაზრებსა და სავაჭრო მოლებში შეუფერხებლად იმუშავებს.