მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბოლოოდ, ქართველი ასრულებს ქართულ საქმეს - რა სჭირდება სამშენებლო ბიზნესს?

6325b5412c36b
ინგა მურუსიძე
17.09.22 15:59
1111
სამშენებლო ბიზნესი საჭიროებს ხელშეწყობას, რომ საქართველოში გამოცდილება მიიღოს, - ასეთია ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი ბიზნესის პოზიცია მეტი განვითარებისთვის. რა პრობლემებია დარგში და რა სახის ხელშეწყობა სჭირდება სფეროს, ამ საკითხზე Forbes talks-ში სტუმრობისას იმსჯელეს. 

„მისწრაფება გვაქვს, რომ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში რაღაც ეტაპზე ჩავანაცვლოთ უცხოელები და ჩვენი ქვეყანა ჩვენ ვაშენოთ. ეს არ ნიშნავს, რომ უცხოელებს არ ავაშენებინოთ, უბრალოდ კონკურენტებად უნდა დავდგეთ“, - ამბობს BEMONI-ს მმართველი პარტნიორი, გიორგი მირცხულავა.

მირცხულავას მაგალითად მოჰყავს ყაზახეთი, სადაც მისი თქმით, ადგილობრივი კომპანიები პრიორიტეტია სახელმწიფოს მხრიდან.

კითხვაზე, გვყოფნის თუ არა პროფესიონალიზმი იმ დონეზე, რომ თავად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მირცხულავა პასუხობს: „მე გამიჭირდება საქართველოში ჩამოვთვალო რომელიმე პროექტი, რომელშიც ლომის წვლილი ქართულ გუნდს არ მიუძღვის და წინა ხაზზე არიან უცხოელები. ეს არ გამორიცხავს, რომ უცხოელები არ დაიმატო, არ ითანამშრომლო მათთან, მაგრამ საბოლოოდ მაინც ქართველი ასრულებს ქართულ საქმეს“.

„პრიორიტეტად ყოფნა არ ნიშნავს, რომ ხარისხში ან დროში რაიმე ნაკლით ააშენო, უბრალოდ მხარდაჭერა უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან, რომ ადგილობრივ კომპანიებს მისცე შესაძლებლობა პროექტები განახორციელონ. ელემენტარულია, თუკი შენ ქართულ კომპანიებს საქართველოში არ მიეცი შესაძლებლობა რომ შეიძინონ გამოცდილება, განახორციელონ პროექტები, არც ერთი მეზობელი სახელმწიფო ამას არ გაგვაკეთებინებს.

წარმოიდგინეთ, რომელიმე ქვეყანაში ჩავიდეს ქართული სტარტაპ-კომპანია, რა თქმა უნდა იქ პროექტს არ ჩააბარებენ. სახელმწიფომ ნაბიჯები უნდა გადადგას... ბიზნესი უნდა განვითარდეს და ჩვენ უნდა ვაშენებდეთ, ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ, რომ სხვა ქვეყნებშიც გავიდეთ. ამას სჭირდება მუშაობა როგორც კომპანიების მფლობელების, ისე სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა მირცხულავამ.

სამშენებლო კომპანია „რეფორმას“ გენერალური დირექტორი, გეგი ქელბაქიანი ამბობს, რომ საჭიროა შესყიდვების კანონმდებლობის დახვეწაც.

„დღესდღეობით ქართულ საქმეს საბოლოოდ ქართველი ასრულებს, მაგრამ აქ შემოდის მენეჯმენტის საკითხები, მართვის სისტემები, რომლითაც პროექტები იმართება, იგივე მუშები და ა.შ. მაგრამ ძალიან წვრილი ქვეკონტრაქტორები არიან ქართველები, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებები კი არ არიან, არამედ შემსრულებლები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ბრმად შემსრულებლები კი არ ვიყოთ, არამედ გვქონდეს მათ შორის ფინანსური რესურსი და თანამშრომლების კვალიფიკაცია იყოს მაღალი.

ქართველები უნიჭო ხალხი არ ვართ, მაგრამ ადამიანს უნდა მოუნდეს, რომ იყოს კვალიფიციური ინჟინერი, კვალიფიციური გეოდეზისტი და ესკავატორის ოპერატორი. დღეს ამ მხრივ პრობლემაა, რადგან პროფესიონალი გაიქცა ქვეყნიდან, ხოლო ვინც დარჩა იმას მოტივაცია არ აქვს, რადგან ან ხელფასი არ არის, გაზრდის პერსპექტივა არ აქვს და ა.შ.

რესურსი არ გვაქვს და არც გვექნება, თუ ხელშეწყობა არ იქნა. მაგალითად შესყიდვების კანონმდებლობა არ უნდა საზღვრავდეს მხოლოდ ფასით, უნდა იყოს სხვა კრიტერიუმები, მათ შორის ის, რომ ხელი შეეწყოს ადგილობრივ კომპანიებს“, - თქვა ქელბაქიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები