საბოლოოდ შეიძლება მივიღოთ, რომ ხელისუფლების მხრიდან რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ საკმარისი არ იყო - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ვანო ჩხიკვაძემ საქართველოს მიერ შესასრულებელ, EU-ს თორმეტ რეკომენდაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის კრიტერიუმები განისაზღვროს, რითაც ამ 12 პუნქტის შეფასება მოხდება.
„არის რისკი, რომ ეს 12 პუნქტი ერთგვარი მოძრავი სამიზნე გახდეს თუ კონკრეტიკა არ იქნება და კონკრეტიკა გარკვეულწილად ევროკავშირთან უნდა იყოს შეთანხმებული. ამ შემთხვევაში საბოლოოდ შეიძლება მივიღოთ, რომ ხელისუფლების მხრიდან რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ საკმარისი არ იყო. ან იქიდან გამომდინარე, რომ ეს 12 პუნქტი ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, საბოლოოდ ის მივიღოთ, რომ ეს კი არა სხვა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო.
ასევე მნიშვნელოვანია ის კრიტერიუმები განისაზღვროს რითაც ამ 12 პუნქტის შეფასება მოხდება - ეს მხოლოდ კანონპროექტების და კანონების მიღება იქნება თუ აღსრულების ნაწილიც მნიშვნელოვანია. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევძლოთ, რომ მოლდოვასა და უკრაინასთან ჩამორჩენა აღმოვფხვრათ“, - ამბობს იგი.
რაც შეეხება სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას, ის ამბობს, რომ საქართველომ ბოსნია-ჰერცეგოვინას ან ალბანეთის მაგალითი შეიძლება გაითვალისწინოს.
„ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ქვეყნის გამოცდილება უნიკალურია. პოტენციური კანდიდატის სტატუსი, რომელიც ჩვენ მოცემულ მომენტში გვაქვს ეს იმის მსგავსია, რაც ბოსნია-ჰერცეგოვინას და ალბანეთს ჰქონდა, ასე, რომ ეს გამოცდილება შეიძლება დაგვეხმაროს რა სამუშაოა გასაწევი და როგორი შეიძლება აიყოს მოლოდინები“, - ამბობს ჩხიკვაძე და დასძენს, რომ აუცილებელია საქართველოს ეს მანამ მოასწროს, სანამ შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა.
ცნობისთვის: 24 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. ევროკომისია 2023 წლისთვის მოამზადებს ანგარიშს იმის შესახებ, თუ საქართველომ ევროკომისიის მიერ გაწერილი 12 რეკომენდაცია როგორ შეასრულა.