საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield Georgia-მ თბილისის უძრავი ქონების ბაზრის 2020 წლის შედეგები შეაჯამა და 2021 წლის მოლოდინები განსაზღვრა.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში What’s Next აღნიშნულია, რომ თბილისის საცხოვრებელი სექტორი პანდემიის გავლენით შექმნილი ღრმა კრიზისისგან სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამამ იხსნა, თუმცა აღნიშნული პროგრამა 2020 წელს დასრულდა. 2020 წლის ბოლო მიწურულს, დეველოპერებმა არაერთხელ მიმართეს სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამის გადავადების თხოვნით, თუმცა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნული ხარჯები არ არის გათვალისწინებული.
Cushman & Wakefield Georgia-ში მიიჩნევენ, რომ 2021 წელი საცხოვრებელი ბინების სექტორისთვის რთული იქნება, რადგან სტიმულირების გარეშე სექტორში შემცირდება მოთხოვნა, რაც გამოიწვევს საცხოვრებელი ფართების გაიაფებას და დეველოპერების მხრიდან მიწოდების შემცირებას.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ იანვარიდან დეკემბრამდე მოცემულ სექტორში ტრანზაქციების რაოდენობა თანდათანობით შემცირდება, გაყიდვების კლება თებერვალსა და მარტშიც გაგრძელდება, თუ არ მოხდა სექტორის სტიმულირება. სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, დეველოპერებს ფასების შემცირება მოუწევთ, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ბინებზე ფასების შემცირებას ქალაქის მასშტაბით. არ ველოდებით მოთხოვნის ზრდას იმ ქვეკატეგორიის უძრავ ქონებებზე, რომელზეც 2020 წელსაც საკმაოდ დაბალი მოთხოვნა იყო, კერძოდ, საშუალო, პრემიუმ კლასისა და მეორეულ ბინებზე. საბოლოო ჯამში, 2021 წლის პირველ კვარტალში მაინც, მოთხოვნის კლების ტენდენცია გარდაუვალია“, - აღნიშნული მიმოხილვაში.
კომპანიის პროგნოზების მიხედვით, სახცოვრებელ სექტორში ტრანზაქციების დონე პრეკრიზისულ ნიშნულს 2022 წლამდე არ დაუბრუნდება.
„2021 წლის პირველ ნახევარში ფასები შემცირდება, რაც შემდგომ, მეტნაკლებად, დასტაბილურდება. ფასების შემცირება, სავარაუდოდ, დეველოპერების დემოტივაციას გამოიწვევს და გადავადდება ან შეჩერდება მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები“, - მიიჩნევენ საკონსულტაციო კომპანიაში.
აღსანიშნავია, ისიც რომ Cushman & Wakefield Georgia-ს შეფასებით, ეკონომიკური აღდგენის ტრაექტორიის გათვალისწინებით, მოთხოვნა შესაძლოა პერიფერიულ ბინებსა და მიწის ნაკვეთებზე გაიზარდოს. ამის მიზეზი კი 2020 წელს თბილისთან ახლოს მდებარე მთიან ადგილებსა და მცხეთის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების შეძენის ტენდენციაა, რაც შესაძლოა 2021 წელსაც გაგრძელდეს.