მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად შეიძლება პაკეტებით ჩამოსხმული თაფლის შეძენა? - "ჰობი" გამოწვევებზე საუბრობს

648b250a0b5b9
სალომე ხიდურელი
17.06.23 16:11
434
თაფლის მწარმოებელი კომპანია „ჰობი“, რომელმაც ოპერირება 2020 წლიდან დაიწყო, კონკურენტულ ბაზარზე პოზიციონირებას განსხვავებული კონცეფციის შეფუთვით ახერხებს. ამის შესახებ BM.GE-ს მისმა დამფუძნებელმა, მიხეილ ჭიღლაძემ განუცხადა.

მისი თქმით, თაფლის პაკეტებში ჩამოსხმის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც შეამჩნიეს, რომ ქილიდან პროდუქტის სრულად ათვისება შესაძლებელი არ იყო.

„ძალიან ახალი იყო ქართული ბაზრისთვის თაფლის პაკეტში ჩამოსხმა, ქილის მაგივრად. ქილასაც ვაწარმოებთ, თუმცა გვინდოდა, რომ ჩვენი პროდუქტი ნატურალურთან ერთად პრაქტიკული ყოფილიყო, თაფლის ქილიდან ამოღება კი უამრავი ჭურჭლის გასვრასთანაა ასოცირებული და სრული პროდუქტის ათვისება რთულია. ვიფიქრეთ ამაზე, რატომ არ უნდა არსებობდეს ისეთი შეფუთვა, რომ ადამიანმა პროდუქტი მთლიანად გამოიყენოს და თან კომფორტული იყოს და ამიტომ დავიწყეთ პაკეტებში ჩამოსხმა.

„ჰობისთვის“ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ბაზრის მოცვა ძალიან რთულია, რადგან კონკურენტუნარიანია. შეზღუდული ხარ მარკეტებში შესვლაში, რადგან შენი პროდუქტებით რეალიზატორების დაინტერესება საკმაოდ რთულია. „ჰობიმ“ შეძლო რამდენიმე მარკეტის დაინტერესება, რადგან გამორჩეული პროდუქცია ჰქონდა და პაკეტური შეფუთვით ბაზარზე კვლავ პირველები ვართ“, - ამბობს მიხეილ ჭიღლაძე.

როგორც „ჰობის“ დამფუძნებელი განმარტავს, საწარმოს საკუთარი მეფუტკრეობაც აქვს, თუმცა თაფლს დამატებით იბარებს ახლომდებარე მეურნეობებისგან, რათა პროდუქტის გემოს, ხარისხსა და კონსისტენციაში აცდენები არ იყოს.

„კომპანია 2019 წელს დაარსდა, თუმცა ოპერირება 2020 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც შევძელით, ყველა დანადგარი მოგვეძიებინა და ჩვენთვის სანდო მომწოდებლები შეგვეგროვებინა, რომლებიც 100%-ით ნატურალურ თაფლს მოგვაწოდებდნენ. „ჰობი“, როგორც ოჯახური წარმოება, ისე დაიწყო, თუმცა ჩვენს გარშემო ჩვენი ახლობლებისა და ნათესავების თაფლს ვიბარებთ, რათა გემოსა და ხარისხში აცდენა არ იყოს. მაღალი ხარისხის შენარჩუნება გვინდა, რის გამოც ჩვენს თაფლს ხშირი შემოწმება უტარდება“, - ამბობს „ჰობის“ დამფუძნებელი.

მიხეილ ჭიღლაძის თქმით, მიმდინარე წელს კომპანიამ უკვე აწარმოა თაფლის 50 000-მდე 400 გრ.-იანი პაკეტი, შესაბამისად, „ჰობის“ წარმადობა, დაახლოებით, 20 ტონა თაფლი იყო, რომელსაც ქართული ბაზარი სრულად ითვისებს.

„წინა წლებში ჩვენი თაფლი იაპონიაშიც გავგზავნეთ, საიდანაც ძალიან კარგი უკუკავშირი გვქონდა, ძალიან მოეწონათ ჩვენი თაფლი ხარისხითაც და შეფუთვითაც, თუმცა ძალიან გაგვიჭირდა შემდგომი მიწოდება, რადგან მცირე რაოდენობებზე იყო მოთხოვნა.

თავიდან 1000 ცალი გავგზავნეთ და შემდეგი შეკვეთა 8000 ცალზე იყო, თუმცა იაპონიაში ტრანსპორტირება იმდენად ძვირი ჯდება, რომ 1000-სა და 8000-ს შორის, ხარჯების კუთხით, განსხვავება არ არის. ამიტომ, კომუნიკაცია გრძელდება, რომ ორივე მხარისთვის სასურველი შეკვეთა გავაფორმოთ და იმედი გვაქვს, რომ ქართული თაფლი იაპონიაში მალე იქნება წარმოდგენილი“, - ამბობს „ჰობის“ დამფუძნებელი.

მიხეილ ჭიღლაძის განმარტებით, „ჰობის“ იმერეთის საწარმოს საწყისი ინვესტიცია 35 000 ლარი იყო, თუმცა კომპანიამ მოგვიანებით „აწარმოე საქართველოში“ პროექტის დახმარებით აგროსესხი აიღო და ნატახტარში ახალი საწარმო ააშენა, რომელშიც უახლოეს თვეებში HACCP-ის სტანდარტებს დანერგავს.

„ჰობის“ თაფლის, მათ შორის ინოვაციური პაკეტური შეფუთვის, შეძენა ორი ნაბიჯის, უნივერსამის, ფრესკოსა და ევროპროდუქტების სუპერმარკეტებში შეგიძლიათ, ღირებულება კი 10 ლარის ფარგლებშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები