მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა გააჩნია, რისთვისაც მეტი აქტიურობა და ინოვაციაა საჭირო - კოვზანაძე

62503dd95ab0e
BM.GE
08.04.22 18:01
656
„პანდემიისა და ახალი გამოწვევების ფონზე სადაზღვევო ბაზარი სტაბილურია და განვითარების პერსპექტივა გააჩნია. არსებული შოკების მიუხედავად სადაზღვევო სექტორის მდგრადობა უნდა შენარჩუნდეს“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ დავით ონოფრიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც სადაზღვევო სექტორის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში მოისმინა.

„დღეს სადაზღვევო ბაზარზე წარმოდგენილია 18 სადაზღვევო კომპანია, ჯამურად 325,7 მილიონ ლარიანი კაპიტალით, ხოლო ერთი წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 772,7 მილიონი ლარი, 105.4 მილიონით მეტი ვიდრე 2020 წელს. აქედან მოზიდული პრემიის უდიდესი ნაწილი ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის (305.5 მილიონი ლარი) თითქმის 38 მილიონი ლარით მეტი ვიდრე 2020 წელს, თუმცა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 17% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით, რაც ვფიქრობ უნდა გაიზარდოს.

საჭიროა აქტიურობა, მეტი ახალი სადაზღვევო პროდუქტები და უფრო მაღალი კონკურენცია. რაც შეეხება სხვა ფინანსურ მაჩვენებლებს: 2021 წელი სადაზღვევო სექტორმა 41,6 მილიონიანი წმინდა მოგებით დაასრულა, მაგრამ ეს მაჩვენებელი პანდემიურ 2020 წელთან შედარებით 6 მილიონით ნაკლებია, ამასთან, წინასწარი მონაცემებით, რამდენიმე კომპანიისთვის გასული წელი ზარალიანი აღმოჩნდა,“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.


გადაწყდა, რომ გაიმართება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, სადაც დეტალურად განიხილავენ სადაზღვევო სექტორის 2021 წლის საქმიანობის შედეგებს და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს სადაზღვევო ინდუსტრია დგას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები