მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადაზღვევო კომპანიები კორპორატიულ და ინდივიდუალურ კლიენტებს კარგავენ

5e8b215b4707f
ელენე გოგბერაშვილი
06.04.20 16:41
1317
სადაზღვევო ინდუსტრია სადაზღვევო შენატანების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების ინიციატივაზე მსჯელობს. ეს მათი გათვლებით გარკვეული შეღავათი იქნება იმ კორპორატიული კლიენტებისთვის, რომელთაც კორონავირუსის გავლენით ფინანასური პრობლემები შეექმნათ და სადაზღვევო პრემიას ვეღარ იხდიან. სადაზღვევო შენატანების გადახდა განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში მოქმედ კომპანიებს და მსხვილ სავაჭრო ქსელებს გაუჭირდათ.

„ისინი მოგვმართავენ ან გადავადებით და შეღავათის გაკეთებით მინიმუმ პროცესის დასრულებამდე ან უბრალოდ ხელშეკრულების გაუქმების თხოვნით, რადგან მათდა უნებურად ვეღარ ახერხებენ მათი თანამშრომლების სადაზღვევო შენატანების გადახდას. ტურიზმს სექტორის გარდა ეს ეხება სავაჭრო ქსელებს, რომლებსაც გაუჭირდათ და ერთი ხელის მოსმით მოუწიათ ხარჯების შემცირება და ამაში მოჰყვა ქონების და სხვა რისკებთან დაკავშირებული დაზღვევის გაუქმება და ეს რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება სადაზღვევო სექტორზე.

ჩვენ თავიდანვე მიზანშეწონილად მივიჩნევდით, რომ სამედიცინო დაზღვევა დროებით მაინც გათავისუფლებულიყო საშემოსავლო გადასახადისგან. მცირე და საშუალო ბიზნესი იმას მაინც უზრნველყოფდა, თუ ვთქვათ თანამშრომლების ხელფასების გადახდას ვერა, სამედიცინო დაზღვევა მაინც დაეტოვებინათ თანამშრომლებისთვის, რადგან სხვა ყველაფერზე შეიძლება დღეს თვალი დახუჭო, მაგრამ სამედიცინო დაზღვევა განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც პირდაპირ ვებრძვით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკს, პანდემიას, მნიშვნელოვანი იქნებოდა ადამიანებს შეენარჩუნებინათ, თუმცა ამ ეტაპზე არ გვაქვს ზუსტად არც პასუხი და არც ინფორმაცია როგორ შეიძლება, რომ ამ ხალხს შევუნარჩუნოთ ეს დაზღვევა. პირდაპირ თუ პრემიას ვერ მივიღებთ, ბუნებრივია, დაზღვევას ვერ განვახორციელებთ. ეს საკმაოდ მძიმედ შეეხება ინდუსტრიას და ჩვენც ვემზადებით. რაღაცნაირად უნდა გადავაწყოთ ინდუსტრია იმისთვის, რომ ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად შევასრულოთ“, - აცხადებს bm.ge-ისთან სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი.

კითხვაზე, რამდენად დიდია იმ კომპანიების და ფიზიკური პირების რაოდენობა, ვინც სადაზღვევო პრემიას ვეღარ იხდის, კობახიძე პასუხობს:  „ცოტა არ არის. ფიზიკურ პირებზე აღარ ვსაუბრობ, საკმაოდ დიდი რაოდენობაა ფიზიკური პირების, რომლებიც გადავადებას ითხოვენ“. 

კობახიძე ამბობს, რომ სადაზღვევო შენატანების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება უფრო იდეაა, ვიდრე - გამოსავალი, რათა დამსაქმებლებმა ადამიანებს ხელფასი თუ არა სამედიცინო დაზღვევა მაინც შეუნარჩუნონ.

„შეიძლება ის ბიზნესი საერთოდ ვერ გადარჩეს მიუხედავად ასეთი შეღავათისა, თუმცა ეს აქტი თუ იქნება და სურვილი, რომ თუ კომპანია უშვებს თანამშრომელს სამსახურიდან, მაგრამ გადაწყვეტს, რომ დროებით მაინც დაუტოვოს დაზღვევა, ეს იქნება მათი მხრიდან ჰუმანური აქტი, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბევრი ადამიანი დარჩება უმუშევარი და თუ ჯანმრთელობის დაზღვევა მაინც დარჩებათ, ეს რისკი მაინც არ ექნებათ თავისი გადასახდელი. ეს უფრო იდეაა და არა გამოსავალი“, - აცხადებს კობახიძე.

კორონავირუსის გავლენისს შესახებ ინდუსტრიას სრული სურათი რიცხვებში რამდენიმე დღეში ექნება. სადაზღვევო ასოციაციის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ შედეგები საგანგაში აღმოჩნდება, ინდუსტრია მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართავს და წინადადებას წარუდგენს, როგორ უნდა მოხდეს სადაზღვევო შენატანების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები