მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სადაზღვევო სისტემის შემოღება ჩვენს სფეროში დასაქმებულებს ძალიან დაეხმარება“ - რესტორანი „ბარბარესთან“

62dae52ca2439
ალა ისპირიანი
22.07.22 22:09
561
„სადაზღვევო სისტემის შემოღება ჩვენს სფეროში ძალიან დაეხმარება დასაქმებულ ადამიანებს“, - ამის შესახებ რესტორნის „ბარბარესთან“ დამფუძნებელმა ზვიად ქურასბედიანმა გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა. აღნიშნული იდეა, მას სექტორში კადრების დეფიციტის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად ესახება.

სარესტორნო ბიზნესში კადრების დეფიციტს იგი რამდენიმე მიზეზით ხსნის, მათ შორისაა პანდემიისგან გამოწვეული პრობლემები და ხელფასები.

„პანდემია ერთ-ერთი მთავარია მიზეზია, რადგან დარგი სრულიად გაჩერებული იყო. რესტორნების და სასტუმროების ნაწილმა შევძელით კადრების ნაწილი კერძო სესხებით და ბანკის სესხებით შეგვენარჩუნებინა. ზოგმა სხვა სამსახური იშოვნა, ზოგმა შეიძლება ვერც იპოვა.

არის ანაზღაურების პრობლემაც, სადაზღვევო სისტემის შემოღება ჩვენს სფეროში ძალიან დაეხმარება ნებისმიერ დასაქმებულს. ძალიან ბევრი მცირე პრობლემაა, რაც ნელ-ნელა სავარაუდოდ აღმოიფხვრება, უბრალოდ ახლა პანიკაა. ქვეყანა ამოძრავდა, ტურიზმის 50% ასე თუ ისე აღდგა და ის დაკეტილი ობიექტები, რომლებმაც გახსნა მოინდომეს, კადრს ვეღარ პოულობენ. პანიკაა. ხელფასები ჩვენ, როგორ უნდა გავზარდოთ, როცა ამხელა ვალდებულებები გვაქვს. სტაგნაციის ორი წელი, პანდემიის პერიოდი, კომპანიებმა სესხებით გადავიტანეთ და იმას გადახდა უნდა. მინიმუმ 30%-იანი ინფლაციაა და ფასს ვერ ვწევთ, რადგან მომხმარებელს დავკარგავთ. ვიცით, რომ იმათაც არ აქვთ და როგორ ავწიოთ ფასები. ეს მძიმე პერიოდია და მას გადალახვა უნდა", - განაცხადა მან.

თუმცა რესტორატორის თქმით, პროფესიონალი კადრების დეფიციტი მანამდეც იყო, მაგრამ პანდემიამ ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამძაფრა. "ის განათლება, რაც დღეს გვაქვს, კარგი იყო 20 წლის წინ და დღეს სხვა ნაბიჯებია გადასადგმელი ამ სისტემაში განათლების მხრივ. ახალგაზრდებმა სხვა განათლება უნდა მიიღონ, სხვა კურსით უნდა განვითარდნენ. სახელმწიფოს და ჩვენი ჩართულობაა საჭირო“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები