მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო აკადემია K4S-ი განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის ონლაინ კურსს იწყებს

613c5a185d9a2
ვიქტორია მღებრიშვილი
11.09.21 13:14
1073
საერთაშორისო აკადემია K4S-ი განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის სასწავლო ონლაინ კურსს იწყებს. ინფორმაცია ამის შესახებ BM.GE -ის აკადემიიდან მიაწოდეს.

აკადემიის დამფუძნებელი დავით ოთარიშვილი, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში მიღებული განათლებით განახლებადი ენერგიების ექსპერტია, აღნიშნავს, რომ K4S - ი საერთაშორისო, საქველმოქმედო აკადემიაა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნებისა და მათთან დაკავშირებული თემატური ცოდნის გაზიარებისთვის დაარსდა. მისივე თქმით, აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამები მსოფლიოში აღიარებული წამყვანი ექსპერტების მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა შემუშავებული.

აკადემიაში საგანმანათლებლო კურსზე რეგისტრაცია 2 სექტემბერს დაიწყო და დღეისთვის საქართველოდან 20-მდე მონაწილეა დარეგისტრირებული.

BM.GE-ის კითხვების საპასუხოდ დავით ოთარიშვილი საგანმანათლებლო კურსის დეტალებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ კურსი 7 კვირის განმავლობაში ონლაინ ფორმატში გაგრძელდება, საიდანაც 5 კვირა (კვირაში 3 დღე) სალექციო პერიოდი იქნება, ხოლო დამატებითი 2 კვირის განმავლობაში, მონაწილეები ინოვაციურ პროექტებზე განახლებადი ენერგიების მიმართულებით იმუშავებენ.

„აკადემია სწავლებას სერტიფიცირებული პროგრამით განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის მიმართულებით იწყებს. პროგრამა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა შემუშავებული და ლექციებს როგორც ევროპიდან, ისე საქართველოდან მოწვეული პროფესორები და დარგის წამყვანი სპეციალისტები წაიკითხავენ.

პროგრამა გათვლილია, როგორც სტუდენტებზე, ასევე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებზე მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. პროგრამა მოიცავს განახლებადი ენერგიების სექტორის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს, როგორიც არის უახლესი ტექნოლოგიები, მიმდინარე მსოფლიო ტენდეციები, საინჟინრო გათვლები, პროექტირება და მართვა, ფინანსები, იურიდიული და კომერციული საკითხები, და ა.შ. გარდა ამისა, მონაწილეები იმუშავებენ ინოვაციურ პროექტებზე და მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას.

პროგრამა სერტიფიცირებული და აღიარებული წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება აღიარებული. ენერგეტიკა სწორედ ის დარგია, რომელსაც აქვს პოტენციალი გახდეს ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო მდგრადი ეკონომიკური მოდელის დამკვიდრებას. ამ სექტორის განვითარების შედეგად შესაძლებელი იქნება ასობით ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, სხვადასხვა ინდუსტრიების განვითარება, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის გამყარება, და ასევე, ევროპაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. დღეს ამ მიმართულებებით მრავალი გამოწვევა არსებობს. ამიტომ ვთვლი, რომ ეს ინიციატივა არსებული პრობლემების გადასაჭრელად დროულია“, - განმარტავს დავით ოთარიშვილი.

მისი ინფორმაციით, ასეთი მაღალი ხარისხის პროგრამების სწავლის საფასური საერთაშორისო ბაზარზე 12,000 - 15,000 ევროს ფარგლებში მერყეობს.

„დღევანდელ რეალობაში უამრავ ნიჭიერ ადამიანს ხელი არ მიუწვდება მაღალი ხარისხის განათლებაზე, რაც ხშირ შემთხვევაში, საჭირო ფინანსების არქონასთანაა დაკავშირებული. ამიტომ გადავწყვიტე დამეარსებინა აკადემია, რომლის მთავარი მიზანი ევროპული, მომავალზე ორიენტირებული განათლების ხელმისაწვდომობაა. შესაბამისად, K4S - ს აკადემიის პროგრამის მონაწილეები რეგისტრაციისას მხოლოდ სიმბოლურ თანხას (50 ლარს) გადაიხდიან, რომელიც შემდგომ საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.

გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან გრანტების მოსაზიდად, რათა პროგრამის გამორჩეულ და წარმატებულ მონაწილეებს სრულიად დაუფინანსდეთ სწავლა ევროპაში სამაგისტრო პროგრამებზე ამავე მიმართულებით“, - აცხადებს K4S აკადემიის დამფუძნებელი.

დავით ოთარიშვილი პროგრამის საქველმოქმედო მიზნებსაც განმარტავს და იმ კონკრეტულ პროექტებსაც ასახელებს, რომელისკენაც რეგისტრაციიდან მიღებული თანხები მიიმართება.

„აკადემია ფინანსურად დაეხმარება იმ მოქალაქეებს, ვისაც ეს დღეს ყველაზე ძალიან სჭირდება. მაგალითისათვის აკადემია K4S - ი Enovus - ს და American Friends of Gerogia - ს, Enovus-ის მიერ ინიცირებულ პროექტს შეუერთდა. თანამშრომლობის მიზანი საქართველოში არსებული ძეგვის ბავშვთა სახლისათვის 100 კილოვატიანი მზის ელექტროსადგურის პროექტის რეალიზაციაა, რაც ელექტროენერგიაზე საკუთარი მოხმარების დასაკმაყოფილებლად საკმარისი იქნება“, - განმარტავს ოთარიშვილი.

მისი ინფორმაციით, ძეგვის ბავშვთა სახლი ელექტროენერგიის მოხმარებისათვის წლიურად დაახლოებით 25 000 ლარს ხარჯავს, რაც პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში, თითქმის სრულიად დაიზოგება და ეს თანხა სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს მოხმარდება. პროექტის ღირებულება 61 085 დოლარია. „მდგრადი განვითარების აკადემია K4S - ი მზადაა სრულად დაუჭიროს მხარი ამ უნიკალურ ინიციატივას და საგანმანათლებლო პროგრამებიდან შემოსული თანხა ქველმოქმედების სახით მთლიანად მოახმაროს პროექტის რეალიზაციას“, - აღნიშნავს აკადემიის დამფუძნებელი.

აკადემიისა და სასწავლო კურსის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.k4s.academy

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები