მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საერთაშორისო ბაზარზე ქართული ქვა ცნობილი არ არის“ - რა უნდა გაკეთდეს პოზიციონირებისთვის?

63c15a10a93b1
ვიქტორია მღებრიშვილი
13.01.23 18:46
776
ქვის მწარმოებელი კომპანია „ზოდის“ აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, ქვეყნის შიგნით ქართული ქვა ფასითა და ხარისხით კონკურენტუნარიანია, საერთაშორისო ბაზარზე კი მისი ცნობადობა დაბალია.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დირექტორი ნინო დვალიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ქართული წარმოების ქვის პოზიციონირებისთვის, პროდუქტის მწარმოებელი კომპანიების სახელმწიფო ტენდერებში ჩართვაა აუცილებელი.

„ადგილობრივი ბაზრის ძირითადი წილი იმპორტირებულ ქვებს უკავიათ და მათთან ფასით გვიწევს კონკურენცია. ქართული ქვა თავისი მახასიათებლებით გამოირჩევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვთვლით, რომ ის კონკურენტუნარიანია. გვინდა გავმართოთ შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რათა სახელმწიფო ტენდერებში ქართული ქვის მწარმოებელი კომპანიების შეთავაზებებიც იყოს მიღებული“, - აღნიშნავს ნინო დვალიძე.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებზე ქართული წარმოების ქვის ცნობადობის გაზრდას, „ზოდის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა „აწარმოე საქართველოსთან“ მიმდინარეობს.

„საერთაშორისო ბაზარზე ქართული ქვა ცნობილი არ არის. მის პოპულარიზებას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ეტაპობრივად ვახდენთ. ვცდილობთ სხვადასხვა ბაზარზე მოქმედ კომპანიებთან დაკავშირებას და ინფორმაციას მიწოდებას. ამასთან, ზოგადად ჩვენ და სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებს „აწარმოე საქართველოსთან“ გვაქვს მოლაპარაკებები, რათა სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენებზე ჩვენი პროდუქტის წარდგენაში შეგვიწყონ ხელი, ისე როგორც სხვა წარმოებების შემთხვევაში ხდება. გვინდა, ხელშეწყობის მექანიზმი წელს ამოქმედდეს. ადგილობრივი კომპანიებისთვის ეს ძალიან კარგი იქნება. იმედი გვაქვს, რომ სააგენტოში ამ გადაწყვეტილებას სწრაფად მიიღებენ“, - უთხრა BM.GE-ს ნინო დვალიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები