ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, წელს, საფერავზე სავარაუდოდ არ იქნება საჭირო სუბსიდირება. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით რქაწითელზე.
„იქიდან გამომდინარე, რომ ექსპორტი არის და ექსპორტის ძირითადი მასა სწორედ წითელ ღვინოზე მოდის, სავარაუდოდ, საფერავზე არ დაგვჭირდება ჩარევა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე მოხდება და საფერავი ტრადიციულად თავისუფალ ბაზარზე გაიყიდება. ასევე იშვიათი ჯიშები, რომელიც მეტი და მეტი პოპულარობით სარგებლობენ და ვთქვათ მეტი და მეტია მათზე მოთხოვნაც, არ დასუბსიდირდება. მაგრამ ერთი რამ რაც შეიძლება ითქვას, რომ რქაწითელის მიმართულებით სუბსიდია სამწუხაროდ, იქნება აუცილებელი“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
რაც შეეხება ფასებს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ამბობს, რომ თავს იკავებს კონკრეტული ფასის დასახელებისგან.
„ყველანაირად ვცდილობთ, რომ თავი შევიკავოთ კონკრეტული ფასის დასახელებისგან, რაც ბუნებრივია იმ ელემენტარული ჭეშმარიტების გამო, რომ ყველაზე სამართლიანი ფასი არის ფასი, რომელიც თავისუფალ ბაზარზე დგინდება. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც სახელმწიფოს აქვს და ის, რომ რქაწითელის მიმართულებით ჩაურევლობა უბრალოდ არ გამოდის, რადგან ძალიან დიდი ალბათობით თავისუფალ ბაზარზე ფასი ჩაცდება თვითღირებულებას. ამიტომ ჩვენ გამალებით ვმუშაობთ იმაზე, რომ შეძლებისდაგვარად არ მოხდეს მკვეთრი მერყეობა და არ მოხდეს ფასის შარშანდელ ნიშნულთან შედარებით მკვეთრი დაწევა“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა 2020 წლის რთველში მევენახეთა პირდაპირ სუბსიდირებაზე 40 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, წელს, სავარაუდოდ, 20,000-მდე მევენახე მიიღებს სუბსიდიას.