მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო დავალიანება ₾4 მილიარდამდეა - რას მოიცავს საგადასახადო ვალის მართვის რეფორმა?

645e111451480
თელარა გელანტია
12.05.23 22:00
2188

ამ დროისთვის ამოუღებელი, აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობა, ჯამში, 4 მილიარდ ლარამდეა, ხოლო დავალიანების მქონე გადამხდელთა რაოდენობა 355 000-სს აჭარბებს.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ზოგადი ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსმა იონა კიზირიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ განაცხადა. ინტერვიუს მთავარი თემა საგადასახადო ვალის მართვის რეფორმა იყო.

იონა კიზირიას თქმით, ბოლო წლებში, შემოსავლების სამსახური ცდილობს, გააძლიეროს პრევენციული ღონისძიებები და საგადასახადო დავალიანების მართვის თანამედროვე და ეფექტიანი მექანიზმების გამოყენებით, უზრუნველყოს მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემოს შექმნა ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ასამაღლებლად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სახელმწიფო შემოსავლების მობილიზებას.

„ბოლო წლებში შემოსავლების სამსახურმა თავისი ღონისძიებები შეცვალა. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ დავიწყეთ აქტიური კომუნიკაცია გადასახადების გადამხდელებთან თუ პირობითად, ადრე ბიზნესსუბიექტი დააგვიანებდა დეკლარაციის წარდგენას და ხდებოდა მისი დაჯარიმება, ახლა ვუკავშირდებით, ვაფრთხილებთ; ასევე, თუ დავაფიქსირეთ შეცდომები მათ მიერ წარდგენილ დეკლარაციაში, ხდება დამატებითი კომუნიკაცია, რათა გამოსწორდეს შეცდომა. პრაქტიკულად, ჯარიმების გამოწერა, რაც იყო ძველ მეთოდებში, შეიცვალა“, - ამბობს იონა კიზირია.

რას ნიშნავს და რა მიზნები აქვს საგადასახადო ვალის მართვის რეფორმას?

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, შემოსავლების სამსახურისთვის მომზადებული ტექნიკური დახმარების ანგარიშის და მასში აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, დამტკიცდა „ვალის მართვის 2022-2024 წლების სტრატეგია,“ რომლის ფარგლებშიც, შემუშავებული იქნა საგადასახადო დავალიანების მართვის თანამედროვე მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემოს შექმნას და გადასახადის გადამხდელთა კანონშესაბამისობის ამაღლებას.

დაგეგმილია 3 ძირითადი ამოცანის შესრულება:

1. გადახდევინებისგან თავის არიდების პრევენციული მექანიზმების გაძლიერება;
2. დავალიანების ამოღების მაჩვენებლის გაუმჯობესება;
3. ძველი დავალიანების შემცირება.

პრევენციული მექანიზმების გაძლიერება - იგულისხმება გადამხდელთა ინფორმირება დავალიანების არსებობის და მოსალოდნელი გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ. ინფორმირება განხორციელდება პერიოდულად, შემდეგი საშუალებებით: ტელეფონის ნომერზე, მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) გაგზავნით; შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდზე სავალდებულოდ წასაკითხი შეტყობინების გაგზავნით; აღნიშნული ღონისძიებების მიზანია, გადახდევინებისგან თავის არიდების პრევენცია.

დავალიანების ამოღების მაჩვენებლის გაუმჯობესება - დავალიანების ამოღების მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდება დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელთა იდენტიფიცირება წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით, რაც გულისხმობს ერთიანი ელექტრონული ბაზიდან დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელთა გამოვლენას. ანალიზის საფუძველზე, კანონშესაბამისი გადამხდელების მიმართ შეირჩევა მსუბუქი იძულებითი ღონისძიებები და მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება მათი ინტერესები. აღსანიშნავია, რომ მათ მიმართ, დავალიანების წარმოშობის მომენტიდანვე არ განხორციელდება იძულებითი აღსრულების ღონისძიებების ( სიანკასო დავალება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია და ა.შ) გამოყება.

ძველი დავალიანების შემცირება - ძველი დავალიანების შემცირების მიზნით, დავალიანების ჩამოწერა განხორციელდება პერიოდულად, რაც ხელს შეუწყობს გადასახადის გადამხდელთა საქმიანობის გაგრძელებას და საბაზრო ეკონომიკის გაჯანსაღებას.

ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, შემოდის „დროებით ამოუღებადი დავალიანების“ ცნება, რომლის ამოღებაზეც შემოსავლების სამსახური რესურსს დროებით არ დახარჯავს.

„მაგალითად, როდესაც კომპანია ბოლო 3 წელი არ ფუნქციონირებს, ქონება არ აქვს და შესაბამისად, ვერ ამოვიღეთ ვალი, ვაჩერებთ საურავების დარიცხვას. ჩვენს ბაზაში ასეთი ბიზნესსუბიექტი ბევრია და ნელ-ნელა ხდება ამ ბაზის ფილტრაცია. ამ ეტაპისთვის, 1 მლრდ 800 მილიონი ლარის დავალიანება ჩაითვალა დროებით ამოუღებად ვალად, თუმცა თუ დავინახეთ, რომ ამ გადამხდელს გაუჩნდა ქონება, შემდეგ შევხედავთ სიტუაციას, როგორი ფორმით შეიძლება ამ ვალის ამოღება“, - განმარტა BMG-სთან შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა.

გარდა ამისა, საგადასახადო ვალის მართვის რეფორმა ითვალისწინებს გადასახადების გადამხდელების ფილტრაცია/დახარისხებას, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი საგადასახადო ისტორიის მქონე ბიზნესსუბიექტები გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ.

„ვალის მართვის მთავარი ეფექტი ის არის, რომ თუ პირს პირობითად გაუჩნდა საგადასახადო დავალიანება, ვისაც კარგი ისტორია აქვს, მათ მიმართ მკაცრი ღონისძიებები ეგრევე არ გატარდება ანუ გადასახადის გადამხდელის ისტორია ჩვენთვის საინტერესო ხდება. შესაბამისად, თანხას, რომელიც კომპანიას საბანკო ანგარიშზე აქვს, არ დაედება ინკასო და მისი გამოყენება ბიზნესსუბიექტს შეეძლება ხელფასების დასარიგებლად, ან კაპიტალში ჩასადებად და ა.შ.“, - განმარტა იონა კიზირიამ და იქვე დასძინა, რომ კარგი საგადასახადო ისტორიის მქონე სუბიექტები პროგრამულად შეირჩევა.

ჟურნალისტის კითხვაზე - რა ვადას მისცემს შემოსავლების სამსახური ასეთ ბიზნესსუბიექტებს საგადასახადო დავალიანების დასაფარად, უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ კონკრეტული ვადა არაა განსაზღვრული.

„ამ ვადას არ ვასაჯაროებთ, რათა ეს არ იქცეს ქცევად. მაგალითად, ყოველი თვის 15 რიცხვი არის სხვადასახვა გადასახადის გადახდის თარიღი, თუ მეწარმე ვერ იხდის და იგრძნო, რომ 16, 17, 18 რიცხვში ინკასო არ დაედო ანუ თავად მიხვდება, რომ კარგ გადამხდელებშია მოხვედრილი, რადგან კარგი ისტორია აქვს, მაგრამ ეს თუ აქცია ჩვევად, ის ვეღარ იქნება კარგი გადამხდელი და შესაბამისად, ამ შეღავათით მომავალში ვერ ისარგებლებს“, - განმარტა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ზოგადი ადმინისტრირების მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსმა.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ვალის მართვის 2022-2024 წლების სტრატეგიის თანახმად, დოკუმენტში გაწერილი მიზნების შესრულების ძირითადი მაჩვენებლები ასე გამოყურება:

1. დროული გადახდის მაჩვენებელი არ უნდა იყოს 95%-ზე ნაკლები;
2. ამოღებული საგადასახადო დავალიანების წილი მთლიან შემოსავლებთან
მიმართებით არ უნდა იყოს 12%-ზე ნაკლები;
3. მთლიანი აღიარებული საგადასახადო დავალიანების ოდენობა, მთლიან
საგადასახადო შემოსულობებთან მიმართებაში, იქნება 20%-ზე ნაკლები;
4. აღიარებული დავალიანების მთლიან ნარჩენში 1 წელზე ხანდაზმული
ვალის წილი არ იქნება 75%-ზე ნაკლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები