საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, უცხოეთის სამი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი დააკავეს.
ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ქალაქ ბათუმში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, შენიღბულად მოწყობილი ჰქონდათ ონლაინ გათამაშების ობიექტები, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი.
დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით, თითოეულ მათგანს უნდა გადაეხადა 100 000 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.