საგარეჯოში, თურქული ინვესტიციით წიწილების ინკუბატორი მარტიდან ამოქმედდა, საიდანაც გამოყვანილი წიწილები ექსპორტზე აზერბაიჯანსა და სომხეთში გადის და ქვეყნის შიგნით იყიდება.
ინკუბატორის პროექტი თურქული კომპანია HasTavuk-ის მსხვილი ქათმის სანაშენე მეურნეობის პროექტის ნაწილია, რომლის საინვესტიციო ჯამური ღირებულება 50 მლნ ლარია.
მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მეფრინველეობის დარგში მსხვილი პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება და დღეისთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
„მარტში საგარეჯოში თურქული ინვესტიციით ინკუბატორი ამოქმედდა. ამ ეტაპზე საინკუბაციო კვერცხი თურქეთიდან და უნგრეთიდან შემოგვაქვს. ჩვენს ინკუბატორში ხდება მათი გამოჩეკა და წიწილების აზერბაიჯანსა და სომხეთში გატანა. ინკუბატორი მოწყობილია ბელგიური საინკუბაციო მანქანებით. დღეისთვის ინკუბატორში 50 ადამიანი საქმდება.
ინკუბატორს თვეში 1.7 მლნ წიწილის გამოყვანის რესურსი აქვს. დღეისთვის საწარმო სრული დატვირთვით არ მუშაობს, რამეთუ ახალი ამოქმედებულია და ბაზრების ათვისება მიმდინარეობს. ამასთან, სექტემბრამდე ქათმის ხორცსა და წიწილაზე მოთხოვნა დაბალია, შემოდგომის მეორე ნახევრიდან კი მოთხოვნის გაზრდასთან ერთად სიმძლავრეები გაიზრდება“, - თქვა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
ინკუბატორის ამოქმედებისთვის დაახლოებით 2.5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, 2023 წლიდან თურქული კომპანია სადედე ქათმის ფერმის ამოქმედებას გეგმავს, თუმცა ამის გარდა პროექტი სხვა წარმოებებსაც მოიცავს.
„მომავალი წლისთვის იგეგმება სადედე ქათმის ფონდის ამოქმედდება. რის შემდეგად ადგილზე საინკუბაციო კვერცხის წარმოებას დავიწყებთ და იმპორტს აღარ განვახორციელებთ.
პროექტი თურქული ინვესტიციით ეტაპობრივად ხორციელდება. დღეისთვის 2.5 მლნ დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებულია. შემდგომში კი 7 სხვადასხვა საწარმო კეთდება, რომელთა ღირებულება დაახლოებით 2-3 მლნ დოლარი იქნება. სადედე ქათმის ფერმის შემდეგ მოეწყობა საკვების მწარმოებელი ქარხანა, სასაკლაო. პროექტის საერთო ღირებულება 50 მლნ ლარის ღირებულების იქნება“, - უთხრა BM.GE-ს ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.